Foodpanda გაიყიდა

Foodpanda -მ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობა შეწყვიტა. კომპანია menu.ge-მ შეიძინა. ამის შესახებ ''ბიზნესპრესნიუსს'' Foodpanda-ს თანამშრომელმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიაში  სხვა დეტალებზე  არ საუბრობენ.

მომხმარებელს რამდენიმე დღეა foodpanda-ს სერვისით სარგებლობა აღარ შეუძლია. კომპანიის საიტზე შესვლის შემთხვევაში ისინი ავტომატურად menu.ge-ზე გადადიან.

foodpanda ბერლინში 2012 წელს დაარსდა, კომპანია ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს სხვადასხვა კვების ობიექტებიდან საკვების მიწოდების სერვისს სთავაზობდა. სერვისით სარგებლობა საქართველოში 2014 წლიდან იყო შესაძლებელი. Foodpanda მსოფლიოს 23 ქვეყანაში ოპერირებს. 2014 წელს ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა "გოლდმენ საქსმა" კომპანიაში 110 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანიის მოგება 2015 წელს 13 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატებოდა.

რაც შეეხება menu.ge-ს, ის დიდი ბრიტანული კომპანიის MENU GROUP UK LIMITED ქართული ფილიალია. კომპანია საქართველოში, სომხეთსა და ბელორუსში ოპერირებს.