დემნა გვასალია ყველაზე ტრენდული ბრენდების სამეულშია

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ცნობილი ფრანგული ბრენდი Balenciaga ყველაზე ტრენდულ ბრენდებს შორის მესამე ადგილზე დასახელდა.

Business of Fashion-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ქუჩის სტილიდან დაწყებული, მაღალი მოდის სამოსით ცნობილი „ბალენსიაგა“ წინა რეიტინგთან შედარებით, ერთბაშად ექვსი პოზიციით დაწინაურდა.

„ამის მთავარი მიზეზი რამდენიმე გარემოება იყო, მათ შორის „ბალენსიაგას“ ჩართულობა ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიაში, სერიალ Twin Peaks-ის ვარსკვლავის ქაილი მაკლაჰანის ბრენდ-ამბასადორად დანიშვნა და ავეჯის მწარმოებელ კომპანია „იკეასთან“ თანამშრომლობა“, - აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.

რეიტინგის მეოთხე ადგილზეა დემნა გვასალიას საკუთარი ბრენდი Vetements-ი, რომლის ძირითადი ხაზი ქუჩის ჩაცმულობაა.

მეორე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე ტრენდული ბრენდების ათეულს მდიდრული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Gucci ლიდერობს. მეორე ადგილზეა ცნობილი რეპერის კანიე ვესტის ბრენდი Yeezy. ათეულში ასევე მოხვდნენ „ჟივანში“, „ვალენტინო“, Y-3, „პრადა“, „ნაიკი“ და „ფენდი“.

კოკა კვირკველია