ქართველი მეღვინეები VINITALY 2014-ში მონაწილეობენ

იტალიის ქალაქ ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების 48-ე საერთაშორისო გამოფენაზე VINITALY 2014-ის დამთვალიერებლებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვთ.

გამოფენაში, რომელიც 6 აპრილს გაიხსნა, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია მონაწილეობს, მათ შორის „იაგოს ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ართანული ღვინო“, „ნიკი ანთაძის ღვინო“, „ნიკოლაძის ღვინის მარანი“, „ოქროს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „ჯაყელების ღვინის მარანი“ და სხვა.

სტუმრებს ასევე აქვთ საშუალება, გაეცნონ ღვინის დაყენების უნიკალურ ქართულ ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ქართული ღვინის, მათ შორის ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

VINITALY-2014-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. VINITALY-ზე ქართული პროდუქცია წარმოდგენილია პავილიონში, სადაც მიმდინარეობს ნატურალური ღვინოების გამოფენა - VIVIT.

გამოფენას ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი დამთვალიერებელი, ღვინის მწარმოებლები და დისტრიბუტორები ესწრებიან. საგამოფენო პავილიონები 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. გამოფენის პარალელურად იმართება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, ღვინის დეგუსტაციები, საინფორმაციო სესიები და კონფერენციები, სადაც გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი ბიზნესისთვის მიიღონ ინფორმაციები ახალი შესაძლებლობების შესახებ ღვინის ვაჭრობის ინდუსტრიაში.

Read this story in English: 11 Georgian companies at Wine exhibition VINITALY in Verona