"თუშეთში უკვე სწრაფი ინტერნეტი არსებობს, რაც მცირე სასტუმროებს დაეხმარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთში უკვე არსებობს სწრაფი ინტერნეტი, რაც ინფორმაციასთან წვდომასთან ერთად, მცირე სასტუმროებს დაეხმარება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაეხმარება ადგილობრივებს იმაში, რომ მსოფლიო bookıng-ის სისტემაში ჩაჯდნენ.

“ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა, რომ თუშეთში რამდენიმე დღეა გვაქვს სწრაფი ინტერნეტი - 24 სოფელსა და 4 ხეობაში არის სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა თუშეთის განვითარების ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერნეტ სოსაიეთისთან“ ერთად და ვფიქრობ, რომ იმ რეგიონისთვის, რომელიც პრაქტიკულად 7 თვე მოწყვეტილია სახმელეთო გზით ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციასთან წვდომა. მოგეხსენებათ, ჩვენ შარშან ზამთარში დავნიშნეთ ვერტმფრენის რეისი ყოველკვირეულად, რომელსაც შს სამინისტროს საზღვრის დეპარტამენტი ახორციელებდა და ვფიქრობთ, რომ წელსაც აუცილებლად იქნება ვერტმფრენის მიერ რეისების შესრულების შესაძლებლობა. სწრაფი ინტერნეტი იქნება აუცილებელი ინფორმაციის წვდომისთვის, ასევე ტურიზმის კუთხით, რათა ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია დაეხმარება მათ იმაში, რომ მსოფლიო booking-ის სისტემაში ჩაჯდნენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.