კომპანია ”m2”  ”ცენტრ პოინტის” შესყიდვით არის დაინტერესებული

სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტის” შესყიდვით რამდენიმე კომპანიის გარდა, სამშენებლო კომპანია ”m2” არის დაინტერესებული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, შესყიდვის მსურველთა შორის უკრაინული კომპანიაც არის.

”ძალიან ბევრ ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეირჩევა კონკრეტული ინვესტორი, რომელიც ამ ვალდებულებებს მთლიანად, აქტივების სანაცვლოდ შეუსრულებს დაზარალებულებს. მე როგორც ვიცი, მყიდველთა შორის არის კომპანია ”m2”, ასევე არის ერთ-ერთი უკრაინული კომპანია”, - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ თავად ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ არის.

სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტის” გაყიდვის თაობაზე კომენტარი რამდენიმე კვირის წინ ”ინტერპრესნიუსთან” კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გუკა რჩეულიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ”ცენტრ პოინტის” გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სექტემბრიდან დაიწყება, კომპანიის შესყიდვით კი, მისი ინფორმაციით, 4 ინვესტორია დაინტერესებული.