„ლილო-მოლის“ „ამაზონის“ მსგავსი საიტი ერთ თვეში ამოქმედდება

სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“კომპანიის პრეზიდენტმა ლევან გაგუამ განუცხადა.

მისივე თქმით, საიტს liloshop.ge ერქმევა და მოქალაქეებისთვის სავარაუდოდ 1 თვეში გახდება ხელმისაწვდომი.

„შეიძლება ითქვას ელექტრონულ „ლილო-მოლს“ ვაკეთებთ, სადაც სასურველი ნივთის შეძენა დროის დაკარგვის გარეშე იქნება შესაძლებელი. საიტზე მოქალაქეებს საცალო და ბითუმი შესყიდვა შეეძლებათ, მაგრამ პირველ ეტაპზე საბითუმო რეალიზაციის მოდული ამოქმედდება, უკვე წლის ბოლოსთვის კი საცალო სეგმენტიც ჩაერთვება. ეს იქნება „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი, რომელსაც დამატებითი სერვისებიც ექნება. მაგალითად პირდაპირ შეძენის გარდა, მოქალაქეს შეეძლება სურვილის შემთხვევაში ჯერ ნიმუში მიიღოს, ნახოს და შემდეგ შეიძინოს პროდუქტი,“-აღნიშნავს გაგუა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საიტის მეშვეობით პროდუქტის მიწოდება მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

კომპანია სამომავლოდ გაყიდვების ონლაინ საიტის მეშვეობით აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში ექსპორტსაც გეგმავს. ამასთან, liloshop.ge სამ ენაზე - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.