იანვარ-აგვისტოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 800 000 ტონით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 800 000 ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2017 წლის პირველ 8 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 25.5 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 26.3 მილიონი იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 7.4 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 245.1 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი - 237.7 მილიონი იყო.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 11.5 მილიონი ტონიდან 10.7 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 37.052 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 248.207 კონტეინერი; 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 211.155 კონტეინერი გადამუშავდა.