„ცომი“ - როგორ იქცა ჩვეულებრივი პროდუქტი წარმატებულ სტარტაპად

საქართველოში ხინკლის ცომის ფირფიტების წარმოება დაიწყო. „ცომი“, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს აწარმოებს ნიკოლოზ სარაჯევის იდეაა.

პროდუქტმა დღის სინათლე სულ რამდენიმე დღეა იხილა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაღაზიებში არც კი გამოჩენილა, უკვე არნახული ინტერესით სარგებლობს. სოციალურ ქსელში კი „ცომი“-ს გვერდმა სულ ორიოდ დღეში 10 ათასამდე ადამიანის დაინტერესება მოახერხა.

36 წლის ნიკოლოზ სარაჯევი თავად მზარეულია. ბოლო ორი წელი მან კულინარიის შესწავლას დაუთმო. ხინკლის ცომის წარმოების იდეა ერთი წლის წინ დაებადა და გასული წელი იდეისთვის ხორცის შესხმას მიუძღვნა. ამბობს, რომ მისი მიზანი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.

ყველაზე მეტად მზარეულების აზრი აინტერესებდა, რათა კლიენტამდე მაღალი ხარისხის პროდუქტი მისულიყო. იმუშავა რამდენიმე რესტორნთან, რომელთაც მისი ცომით ხინკლის მზადება უკვე დაიწყეს და ყოველდღიურად იყენებენ.

როგორც სარაჯევი ამბობს, არც ელოდა თუკი ორიოდ დღეში მისი პროდუქტი ასეთი პოპულარული გახდებოდა სოციალურ ქსელებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროდუქტი ამ ეტაპზე არც ერთ მარკეტში არ იყიდება. მომხმარებელს შეძენა, ჯერჯერობით, მხოლოდ საწარმოში შეუძლია.

„ბოლო ერთი წელი ყველაფერი გადავდე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს სტარტაპი განმეხროციელებინა. მთელ იმედებს მასზე ვამყარებ და იმედი მქონდა, რომ ეს წამოწყება ბევრი მზარეულისთვის და დიასახლისისთვის შვება იქნებოდა. მომხმარებლებს პირადად ველაპარაკები, სათითაოდ ვუხსნი თუ როგორ უნდა მოამზადონ, რომ შეცდომა არ დაუშვან. ამიტომ ვაპირებ ვიდეოგაკვეთილები ჩავწერო და გვერდზე დავდო, სადაც მომზადების ინსტრუქცია დეტალურად იქნება ახსნილი. “ფეისბუქზე“ გვწერენ - ასე გვეგონა უკვე ყველაფერი გამოგონებული იყოო,“ - ამბობს სარაჯევი.

„ცომი“ საწარმოში დანადგარების მეშვეობით მზადდება, თუმცა ადამიანების ჩართულობით. ამ ეტაპზე საწარმოში სულ 4 ადამიანია დასაქმებული. საწარმო სარაჯევმა მთლიანად საკუთარი სახსრებით გახსნა. მისი თქმით, დანადგარები თანამედროვე და მაღალი ხარისხისაა.

შეფუთვაში 10 ფირფიტაა მოთავსებული. ამ ეტაპზე მეწარმე ქსელურ სუპერმარკეტებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამბობს, რომ ზოგიერთმა მათგანმა უარი სხვადასხვა მიზეზის გამო უთხრა. სავარაუდოდ, „ცომი“ უბნის პატარა მაღაზიებშიც გაიყიდება. სარაჯევი ამბობს, რომ პროდუქტს საზღვარგარეთაც აუცილებლად გაიტანენ.

„პროდუქციის ხარისხი ყველაზე მთავარია. ჩემი ამოცანა იყო იგი ნატურალური ყოფილიყო ყოველგვარი ცილებისა და „კრახმალის“ დამატების გარეშე. ამიტომ, ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ფქვილს, წყალსა და მარილს შეიცავს. უბრალოდ, იგი დანადგარებზე ისე მუშავდება, რომ მომხმარებლამდე მზა სახით მივიდეს. რესტორნები, რომელთაც ჩვენ ვამარაგებთ, დაბალ ხარისხზე არ დაგვთანხმდებოდნენ,“ - დასძენს იგი.

თაკო მათეშვილი