2018-2019 წლებში საქართველოში 7 ბრენდული სასტუმრო გაიხსნება

მომდევნო წლებში მოსალოდნელია საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს რეგიონებში - ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი.

მათი ცნობით, „აჭარა ჯგუფი“ გეგმავს ბაკურიანთან მდებარე სამთო კურორტზე, კოხტა-მიტარბიზე, 100-ოთახიანი Rooms Hotel-ის ოფიციალურ გახსნას, რომელიც ვიზიტორებისთვის წინა სეზონზე გაიხსნა. ამასთან, ბათუმსა და საგარეჯოში დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით, Rooms-ის ბრენდის სასტუმროების რაოდენობა საქართველოში შესაძლებელია 2019 წლისთვის 5-მდე გაიზარდოს.

კახეთის რეგიონში დაგეგმილ პროექტებს - Radisson Blu წინანდალში და თელავში Golden Tulip - დაემატა 85-ოთახიანი Holiday Inn, რომლის გახსნაც 2018 წელს იგეგმება თელავში.

მოსალოდნელია საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის ზრდა ქუთაისშიც. თემურ ჭყონიამ დააანონსა 5-ვარსკვლავიანი, დაახლოებით 100-ოთახიანი Courtyard Marriott-ის გახსნა 2019 წლისთვის. აღნიშნული სასტუმრო 2017 წლის დასაწყისში გახსნილი Best Western-ის შემდეგ ქუთაისში მეორე საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო იქნება.