რომან გოცირიძე - რაში სჭირდებოდა „თიბისის“ „პროგრესბანკი“?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.

"ბიზნესპრენიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"თიბისი ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი და მის თითოეულ ნაბიჯს უყურებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორი. ამიტომ სამწუხაროა, რომ დღემდე საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი: რატომ იყიდა ივანიშვილ-კალაძე-გავრილოვის საკუთრებაში არსებული პროგრესბანკი. ახლახან ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესი. ისიც კი გაურკვეველია, ბანკი იყიდა თუ მისი ცალკეული აქტივები( ანუ კარგი სესხები გადმოიბარა და ცუდი ბანკს დაუტოვა). თუ ასეა, რითი იყო ეს გამოწვეული, რა მიმზიდველობა ჰქონდა ამ აქტივებს?

არანაკლებ უცნაურია, ეს ოპერაცია ( პროგრესბანკის გაუქმება) რატომ არ განხორციელდა "ქართუ ბანკის" მიერ, როცა ორივე ბანკში მესაკუთრე ერთი და იგივე პიროვნება იყო.

მიუხედავად მრავალი კითხვისა, "თიბისი ბანკი" დუმს.

ვერც "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობა და ვერც ეროვნული ბანკი ვერ გაექცევა ამ კითხვაზე პასუხს.

საკითხი მნიშვნელოვანი იმიტომაც გახდა, რომ "პროგრესბანკის" 78 პროცენტის წილის მესაკუთრე, ვინმე ილია გავრილოვია, რომელიც პანამური კომპანიის სახით მონაწილეობდა ბანკის კაპიტალში, აღმოჩნდა მრავალ დანაშაულში მხილებული, მათ შორის შავი ფულის გათეთრებაში.

ჩვენ, როგორც "თიბისი ბანკის" კლიენტები, აქციონერები, ასევე მთელი საზოგადოება, ველით პასუხს: რაში სჭირდებოდა მას "პროგრესბანკი" და ხომ არ იყო ეს ხელისუფლების (ქვეყნის არაფორმალური მმართველის) მხრიდან ზეწოლის ან მასთან გარიგების შედეგი", - წერს რომან გოცირიძე.

გასული წლის სექტემბერში ”თიბისი ბანკმა” სს „პროგრესბანკის“ აქტივების (108 მილიონი ლარი) და პასივების (108 მილიონი ლარი) შერჩეული ნაწილი შეიძინა. ბანკის მაშინდელი განცხადების თანახმად, ”თიბისი ბანკისთვის” ეს ტრანზაქცია  საერთო აქტივების 1.6 %-ს წარმოადგენდა.