King David-ი საქართველოს კომკავშირის ცეკას ყოფილი პირველი მდივნის - სოსო ორჯონიკიძის კომპლექსად მიიჩნევა.
საქართველოს პირველდი კომკავშირელი დიდხანს იკავებდა მოსკოვის ვიცე-მერის თანამდებობას და რუსეთის დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს კურირებდა, როგორებიცაა სასტუმროები და სათამაშო ბიზნესი, საგარეო ეკონომიკური და საინვესტიციო საქმიანობა.
ბორჯომში, არამდიდარ ოჯახში დაბადებულმა ახალგაზრდა კაცმა წარმატებული კარიერა გაიკეთა. ის პირველი კომკავშირელი იყო ჟიული შარტავას მერე. რეალურ ცხოვრებაში ერთმა პირველმა კომკავშირელმა სოხუმში დადო თავი საქართველოსთვის, მეორე კი საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში მულტიმილიონერი გახდა. ასეთია ცხოვრება.
ორჯონიკიძეზე მოსკოვში ორჯერ მოხდა თავდასხმა, 2000 წელს ის მძიმედ დაიჭრა, მისი მძღოლი კი დაიღუპა. მეორედ მის მანქანას 2002 წელს ესროლეს. რუსეთში ავორიტეტული ლენტა.რუ-ს თანახმად, ის ფლობს მთელ რიგ აქტივებს საქართველოში, კერძოდ, თბილისში ბორჯომში და ბათუმში. მისი ქონება მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.
სოსო ორჯონიკიძე ქართულ მედიაში ფაქტობრივად არ ჩნდება. როგორც აღვნიშნეთ, მისი ბიზნესებიდან მხოლოდ King David-ის შესახებაა ცნობილი. King David-ი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსია.
პროექტი ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს: 32-სართულიან King David Residences-სა და 19-სართულიან King David Business Center-ს. ისინი ერთმანეთთან 6 სართულით არიან დაკავშირებული. სწორედ ამ ნაწილშია თავმოყრილი სარელაქსაციო და გასართობი ობიექტების დიდი ნაწილიც: 28 მეტრის სიგრძის აუზი, სპა და ფიტნესცენტრი, სილამაზის სალონი, ღია ტერასაზე გაშენებული ბაღი საბავშვო მოედნით, კაფე ჯანსაღი საკვებით, რესტორანი, კაფეტერია, ბავშვთა ოთახი, ივენთ ჰოლი, ბიზნესცენტრის ლობი და პარკინგი. შენობას სამი შესასვლელი აქვს, სამივე ალექსიძის ქუჩის მხრიდან: ერთი ვიზიტორებისთვის, ერთი ბიზნესცენტრისთვის, ერთიც -მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც მათთვის განკუთვნილ ლობი ბარში სტუმრების მიღების საშუალებაც აქვთ.
"ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა King David-ისა და პირადად, სოსო ორჯონიკიძის ბიზნეს საქმიანობით. შესაბამისი კითხვებით მივმართეთ King David-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს, ქეთი ადეიშვილს.
ქეთი ადეიშვილის განცხადებით, King David-ის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს "გრინკეიპი -ინოვაციური სამშებელო საინჟინრო კომპანია". კომპლექსი აიგო ავსტრიული ჰოლდინგის Rezid holding-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი დაფინანსებით. Rezid holding-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იოსებ ორჯონიკიძეა.
ადეიშივლის განცხადებით, იგი ორჯონიკიძის ქონების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ ღეზიდ ჰოლდინგ GMBH-ი ამჯერად რჩება King David-ის მენეჯმენტში და უახლოეს პერიოდში სხვა პოექტების განხორციელებას არ გეგმავს. ამავდროულად, არც იმას გამორიცხავს, რომ ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, Rezid holding GMBH-ი ახალი პროექტის შემუშავებაც დაიწყოს.
რაც შეეხება ფასებს, King David-ში საცხოვრებელი აპარტამენტების 1 კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი იწყება 3 971 ლარიდან. ბიზნეს ცენტრში 1 კვ.მ.-ის გასაყიდი ფასი იწყება 5 743 ლარიდან. ამ ეტაპზე გაყიდულია საცხოვრებელი ფართის 48%. საოფისე ნაწილში კი დაახლოებით 30% უკვე ათვისებულია. ბიზნეს ცენტრში საოფისე ფართების გაქირავებასთან ერთად დაწყებულია მათი გაყიდვაც.
სოსო ორჯონიკიძე მისი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, ნამდვილად საინტერესო პერსონაა, შესაბამისად, "ბანკები და ფინანსები" კიდევ შემოგთავაზებთ ბიზნესმენის და მისი ბიზნეს თუ პოლიტიკური ამბიციების შესახებ საინტერესო პუბლიკაციებს. ორჯონიკიძის უჩინარი გავლენა ჯერ თითქოსდა არ იგრძნობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება რას ნიშნავს რუსეთში დაგროვებული მილიარდებით პიროვნების საქართველოში გამოჩენა (ბადრი პატარკაციშვილი, ბიძინა ივანიშვილი). ბიზნესმენი სამშობლოში მილიარდის შოვნის შემდეგ დაბრუნდა. საინტერესოა მისი სამომავლო გეგმებიც.
ბაჩანა ჯინჭარაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"