კომპანია „მათე მოტორსის“ დამფუძნებელს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გარდა ამისა, ბიზნესმენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.
საუბარია, ბიზნესმენ გელა ბარკალაიაზე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირის დაშინება, ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. გარდა ამისა, ბიზნესმენს ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
რის გამო მიესაჯა ქართველ ბიზნესმენს 6 წლიანი პატიმრობა?
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბარკალაია "მათე მოტორსის" ყოფილი თანამშრომელის სარჩელის საფუძველზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს მომჩივან ქალბატონთან წლების გამავლობაში სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.
"გელას ამ ქალთან წლების წინ შეექმნა პრობლემები. ბიზნესმენმა ნ-ს "მათე მოტორსში" დაახლოებით 2012 წელს დააწყებინა მუშაობა, სულ გვერდით ჰყავდა. ერთ წელს გელას სტუმრები ჰყავდა დუბაიდან და გოგირდის აბანოში წაიყვანა, იქ რა მოხდა ასეთი არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი. დაახლოებით ორი წლის წინ, ეს ქალი საქართველოდან წავიდა ოჯახის წევრებთან ერთად და გელა მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი, რუსეთში ცხოვრობდა... რაღაც ჰქონდა გელაზე ისეთი და ალბათ ეს ჩანაწერი იყო, რომელიც მან პოლიციაში წარადგინა. თუმცა რა იყო გადაღებული ამ ვიდეოზე და რა ურთიერთობა ჰქონდათ ზუსტად ვერ გეტყვით", - აცხადებს მედიასთან პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
გელა ბარკალაია 2010 წელსაც იყო დაკავებული
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი ქრთამის მიცემის ბრალდებით 2010 წელსაც იყო დაკავებული. მისი დაკავება იმ დროს საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. მისი კომპანია სახელმწიფო ტენდერებშიც იმარჯვებდა და მეტიც, წინასაარჩევნოდ ბიზნესმენმა საკუთარი ოფისის წინ ყვავილებით ხუთიანებიც კი ამოტვიფრა.
რატომ გაიყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბიზნესმენის გზები და რატომ დააკავეს ბიზნესმენი?
2009 წელს კომპანიაში საგადასახადო სამსახური შევიდა, 2010 წელს კი ბიზნესმენი ტენდერის მოსაგებად ქრთამის გადახდის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ბარკალაიას დაკავებას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. მედიის ცნობით, ბიზნესმენმა იმდროინდელ ხელისუფლებას „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან ხიდის მშენებლობისთვის საკუთარი ოფისის ტერიტორია არ დაუთმო. აღნიშნული ფაქტი 2013 წელს თავად ბიზნესმენმაც დაადასტურა. ბარკალაიას თქმით, გიგი უგულავამ ის მიწა წაართვა, სადაც მისი ფირმის ოფისი მდებარეობდა და სანაცვლოდ, "გუდვილთან" 800 000 დოლარის ღირებულების მიწა უყიდეს. ოთხი წლის წინ ბარკალაია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დაპირსპირების მიზეზებზეც საუბრობდა.
„ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი მისმა მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა მოატყუა. ერთ დღეს სანადიროდ ყოფილან. ვანო თურმე ეხუმრა, ასე ახლოს რომ ხარ ბარკალაიასთან, წილში ხომ არ ჩაგსვაო. ჯანაშვილს ამ სიტყვების შეეშინდა, სამსახურში აგენტი ჩამისვა, რომ ინფორმაცია გაეტანა. მერე ვანოს ტყუილი უთხრა, თითქოს ნახმარი ზეთი ჩავასხი პოლიციის მანქანაში. დღესაც ვამბობ, მერაბიშვილი არ დამიჭერდა, ის შეცდომაში შეიყვანეს. მე მისთვის არასოდეს მიღალატია,“-აცხადებდა ბარკალაია 2013 წელს.
საბოლოოდ 2010 წელს ბიზნესმენი საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა ციხიდან და ეს „ტოიოტას" მარკის, 443 223 ლარის ღირებულების 10 „პიკაპი“ და 5 000 ლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქონება ბიზნესმენს 2015 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა.
ბარკალაიას ბიზნესები და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გელა ბარკალაია „მათე მოტორსისა“ და „ბარკალაიას გრუპის“ 100-100%-იანი წილების მფლობელია. „მათე მოტორსი“ 2005 წელს, „ბარკალაიას გრუპი“ კი 2015 წელს არის დაფუძნებული. სწორედ ამ კომპანიაში გადაღებულ ფოტოს უკავშირდება, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ბიზნესმენის ქურდულ სამყაროსთან სავარაუდო კავშირებზე. კერძოდ, კომპანია „ბარკალაიას გრუპის“ შენობაში გადაღებულ ფოტოზე გელა ბარკალაია ფრიდონ ბარკალაიასთან (ცანციკო) ერთად არის გადაღებული, რომელიც მართალია იმ დროს ,,კანონიერი, ქურდი“ აღარ იყო, თუმცა, მედიის ცნობით, კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
როგორ მიაღწია წარმატებას ბიზნესმენმა?
ბიზნესმენის ერთ-ერთი ახლობელის თქმით, ბარკალაიამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ბევრი მუშაობა დასჭირდა ბიზნესის გასავითარებლად.
„გელა ღარიბი ოჯახიდან იყო და მან ბიზნესი ნულიდან მაშინ დაიწყო, როდესაც ამ სიტყვის მნიშვნელობა საქართველოში ბევრმა არც იცოდა. საოცარი ალღოს მქონე ბიზნესმენია და მას დიდი ქონება, არც ერთ და არც ხუთ წელიწადში არ მოუხვეჭია… ზოგიერთებივით, განუკითხაობის პერიოდში სახელმწიფო საწარმოები და სარფიანი რესურსები კაპიკებად არ ჩაუგდია ხელში… ბევრს მუშაობდა სხვადასხვა სფეროში და თავის ბიზნესს ათწლეულების განმავლობაში თანდათანობით აფართოებდა,“-აცხადებდა მიმდინარე წელს ბიზნესმენის დაკავების შემდეგ მისი ბავშვობის მეგობარი, კახაბერ ადამია.