„მილკო ფუდის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „მილკო ფუდის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო.

ამის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 მარტის განჩინებაშია ნათქვამი.

განჩინების თანახმად, შპს ,,ჯორჯიან მილკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება შპს ,,ფრენდს’’-ისა და შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მოითხოვა.

„შპს ,,ჯორჯიან მილკმა“ წერილობით აღიარა და დაადასტურა შპს ფრენდსის“ მიმართ 391 179 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ მიმართ 93 767,9 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტები. შესაბამისად, ორი კრედიტორის მოთხოვნის ოდენობა მოვალის მიმართ ჯამში, 484 946.9 ლარს შეადგენს. საქმეში წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ ვალის წარმოშობის საფუძველია საქონლის მიწოდების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, მოვალე გადახდისუუნაროა და განმცხადებელი კრედიტორების მოთხოვნა უზრუნველყოფილი არ არის. წარმოდგენილი კორესპონდენციის ასლებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ შპს ჯორჯიან მილკი“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე 30 დღით ადრე იყო ინფორმირებული,“-აღნიშნულია განჩინებაში.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკის“ მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. გარდა ამისა, ,,ჯორჯიან მილკს“ აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში "მილკო ფუდის" შესაძლო გაყიდვაზე გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, როგორც მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორთან მიმდინარეობდა, რომელიც ამ თემით ძალიან დაინტერესებული იყო, თუმცა კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ თუ რა იყო გასხვისების მიზეზი.

ცნობისთვის, რეესტრის 2018 წლის 8 იანვრის ამონაწერის თანახმად, შპს „ჯორჯიან მილკის“ (მილკო ფუდის) 25%-25%-იან წილებს ლევან და დავით ალავიძეები; ასევე 25-25%-იან წილებს კი გიორგი ბიძინაშვილი და ალექსანდრე კოზმანაშვილი ფლობენ.

კომპანია თავდაპირველად 2004 წელს "ეკო ფუდის" სახელით დაფუძნდა, დღეს კი „მილკო ფუდი“ 60 დასახელების პროდუქტს აწარმოებს და რძის პროდუქტების ბაზრის 35%-ს იკავებს.