„აზერბაიჯანმა პოზიციები დათმო, სამაგიეროდ, რუსეთი და რუმინეთი გააქტიურდნენ“ - რა ცვლილებებია საქართველოს საწვავის ბაზარზე

სირიის კრიზისის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა - ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 72-73 დოლარი ღირს, კრიზისის გამწვავებამდე კი, 67-68 დოლარი იყო.

გაძვირება საქართველოს ჯერ არ შეხებია და საწვავის ქართულ ბაზარზეც სიმშვიდეა, უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში საწვავის მოხმარება გაიზარდა კიდეც: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2018 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა.

ნავთოპროდუქტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთიდან განხორციელდა.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში 48 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 48,7 ათასი ტონა შეადგინა. საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება 2018 წლის I კვარტლის შედეგების მიხედვითაც მომატებულია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე საქართველოში და როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ქვეყანაზე.

ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: ბოლო წლებში საქართველოში საწვავის მოხმარება მატულობს და ეს კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი იზრდება და ამან საწვავის მოხმარება უნდა შეამციროს, პირიქით ხდება. ინტენსიურად მიმდინარეობს საწვავის იმპორტი რუსეთიდან, რადგან ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ხელსაყრელია. კომპანიები აქტიურად აწარმოებენ ნავთობის იმპორტს რუსეთიდან, რადგან მათთვის რუსული ნავთობის ხარისხიც მისაღებია და ფასიც, თუმცა ამ ბაზარზე რუმინეთი, აზერბაიჯანი და ბულგარეთიც აქტიურობენ. ჯერჯერობით კი, რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა ქართულ ბაზარზე პოზიციები დათმო და გასულ წელს ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი შემომტანი საქართველოში რუმინეთი იყო, შემდეგ მოდიოდა რუსეთი, მერე - აზერბაიჯანი და ბულგარეთი. ისიც არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ყველაფერი შეიცვალოს“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობამ და სირიის კრიზისმა საწვავის ფასზე უკვე იმოქმედა, რა იქნება მომავალში - ამის თქმა ძალიან რთულია:

„ ყოველთვის, როდესაც ახლო აღმოსავლეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი იწყება, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე. მოლოდინი იმისა, რომ ნავთობის მოპოვებას და ექსპორტს ომის გამო შეიძლება ხელი შეეშალოს, ფასების ზრდას იწვევს. პროცესების ესკალაციამ ნავთობის გაძვირება ახლაც გამოიწვია. პროგნოზირება, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში, ან რა ფასი ექნება ნავთობს, ძალიან რთულია. ამჟამად სირიის კრიზისი ერთადერთი მიზეზია, რომელმაც ნავთობპროდუქტების ფასზე იმოქმედა და თუ ეს კრიზისი გაგრძელდება, საწვავის ფასიც მოიმატებს.

რაც შეეხება საქართველოს, საბედნიეროდ, ფასების ზრდა აქ ჯერ არ იგრძნობა, რადგან ბოლო პერიოდში ჩვენი ეროვნული ვალუტა გამყარდა. ამან დადებითი როლის შეასრულა და საწვავის ფასი ქსელში პირიქით, 5 თეთრით შემცირდა. ლარის გამყარებამ ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც შეაკავოს - ეს არის ერთადერთი საპირწონე, რომ საქართველოში საწვავის ფასმა არ მოიმატოს. ანალიტიკოსები თამამად იმასაც ვერ ამბობენ, მსოფლიოში ამჟამად არსებული ფასები შენარჩუნდება, თუ ყველაფერი შეიცვლება. ეს დამოკიდებულია იმაზე, უახლოეს დღეებში და კვირებში რა მოხდება და სიტუაცია როგორ დალაგდება - ჩვენც ამაზე ვართ დამოკიდებული.

როგორც გითხარით, საქართველოში მოხმარება გაიზარდა და იმედი გვაქვს, რომ მომავალი თვეები ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო აქტიური იქნება, რადგან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყება, თანდათან ტურისტების რიცხვიც მოიმატებს, შვებულებების სეზონი მოდის და მოსახლეობას საწვავი უფრო დიდი რაოდენობით დასჭირდება. ბუნებრივია, ზაფხულის მოსვლასთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც გააქტიურდება - ეს ყველაფერი მოხმარებული ნავთობპროდუქტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. მთავარია, მსოფლიოში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

„თუ ეს დაძაბულობა გაგრძელდება, მარტო საწვავის კი არა, ყველაფრის ფასი მოიმატებს“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

„საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა, გამომდინარე იქიდან, რომ საწვავის ფასი ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაში შედის, ნავთობის გაძვირება ყველაფერზე აისახება. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ნავთობის ფასიც დასტაბილურდება, ან დაბლა დაიწევს. ეს მანამ უნდა მოხდეს, ვიდრე ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ფასებზე რეაგირებას დაიწყებს. ამ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხდება რუსეთში, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელი და ექსპორტიორია: დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი დიდ დანაკარგებს ნახულობს, თუმცა მეორე მხრივ, ამ დაძაბულობას ბირჟებზე ნავთობის გაძვირება მოჰყვა და რუსეთი მიყენებულ ზარალს ამ გზით ინაზღაურებს - უცნაურია, მაგრამ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას ასეთი პარადოქსი მოჰყვა.

როგორ შეიძლება შევაფასოთ რუსეთის გააქტიურება ქართულ ბაზარზე? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ეს არ არის დრამატული მოვლენა, რადგან საწვავის მოწოდება საქართველოში დივერსიფიცირებულია. ამ სფეროში ჩვენ არც ერთ ქვეყანაზე არა ვართ დამოკიდებული, მათ შორის, რუსეთზე. აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი სულაც არ არის.

საქართველოში რუსული წარმოშობის ერთი კომპანია ოპერირებს - „ლუკოილი“, ბუნებრივია, კომპანია ცდილობს თავისი პროდუქტის რეალიზაცია გაზარდოს - ამაში საკვირველი არაფერია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოაგვარებენ ერთმანეთთან ურთიერთობას მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები - ეს მარტო საწვავის ფასს კი არა, ბევრ რამეს განსაზღვრავს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე