თბილისში Prada, Hermes და Louis Vuitton შემოდის - სად განთავსდება აღნიშნული ბრენდების მაღაზიები

Prada, Hermes, Louis Vuitton, Chanel, Fendi – აღნიშნული ბრენდების შემოყვანა ისანში, ბოჭორმის ქუჩაზე ახალ სავაჭრო ცენტრში იგეგმება, რომლის მშენებლობაც უახლოეს თვეებში დაიწყება.

პროექტს კომპანია „კრისტალ ბილდინგი“ ახორციელებს.

როგორც კომპანიის დირექტორი ვანო ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სავაჭრო ცენტრი „რიტუალების სასახლის“ გვერდით გაიხსნება.

მისი თქმით, პროექტი უკვე მზად არის და ამჟამად მშენებლობის ნებართვის მოლოდინშია. სავარაუდოდ, მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და დაწყებიდან 32 თვეში დასრულდება.

რაც შეეხება ბრენდებს, ვანო ლომიძის თქმით, სავაჭრო ცენტრის მართვაში მთლიანად ბრიტანული ოპერატორი კომპანია Harvey Nichols შემოდის, რომელიც აღნიშნულ ბრენდებს შემოიყვანს.

„Harvey Nichols-ს აღნიშნულ ბრენდებთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და როდესაც რომელიმე ობიექტის მართვაში შედის, ეს ბრენდებიც შეჰყავს. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში განთავსდება კინოთეატრი და კვების ობიექტები. ამასაც ოპერატორი კომპანია გადაწყვეტს, რა ბრენდების იქნება“, - აღნიშნავს ვანო ლომიძე.

მისივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი 5 სართულზე განთავსდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მილიონი ლარი იქნება.

Harvey Nichols-ი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც 1831 წელს დაფუძნდა. ის სხვადასხვა პრემიუმ კლასის ბრენდების რითეილერია მთელს მსოფლიოში. მათ შორის, მდიდრული ბრენდებისა,  როგორც სამოსის, ასევე პარფიუმერიის.

თეონა კენჭიაშვილი