ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული განცხადების შემდეგ კი, კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი პარტია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასა და დაყოფაზე. მეტიც, მედიაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, მთავრობის შემადგენლობაში მყოფ „ივანიშვილის მინისტრებზეც“.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ მინისტრების შესახებ, რომლებიც მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის ბანკის თუ ბიზნეს კომპანიების გავლით მოხვდნენ.
მაია ცქიტიშვილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებს. ცქიტიშვილი, რომელიც მთავრობის შემადგენლობას ცოტა ხნის წინ შეუერთდა, შპს „ქართუ მენეჯმენტში" ერთ-ერთ მმართველ პოზიციას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე აღნიშნული კომპანიის ლიკვიდაცია მიმდინარეობს, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბელიზში (აშშ) რეგისტრირებული Fresno Management Limited-ია. ცნობისთვის, აღნიშნული კომპანია რამდენიმე წლის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშიც მოხვდა, სადაც ივანიშვილთან დაკავშირებული, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე იყო საუბარი. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ Fresno Management Limited, რომელიც ფლობს შპს „ინტერკონსალტინგს”, შპს „ინტერკონსალტინგ +”-სა და შპს „ქართუ მენეჯმენტს”, Vasilia Enterpreises (ბელიზი), რომლის საკუთრებაცაა შპს „ფინსერვისი” და შპს „ფინსერვისი XXI”.
„ქართუ მენეჯმენტის“ გარდა, მაია ცქიტიშვილი მმართველ პოზიციაზე იყო დასაქმებული სს „პარქაუნთში". მასვე აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება როგორც საავიაციო, ისე სამშენებლო სექტორში: სხვადასხვა დროს, იკავებდა სს „ბაგები სითი ჯგუფში" პროექტების მენეჯერის, შპს „ბურჯში" - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე კი, მუშაობდა საავიაციო ბიზნესში, კერძოდ კი, ავიაკომპანია Georgian Air-ში, უფროს მენეჯერად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებში", კომერციული დირექტორის თანაშემწედ და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსად.
გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტზე ჩაანაცვლებს, „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. კერძოდ, აღნიშნულ პოზიციაზე ის 2006 წლის თებერვალი - 2011 წლის ოქტომბრის პერიოდში მუშაობდა.
გარდა ამისა, კვირიკაშვილი მუშაობდა - ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC" - საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტად; პირველი კომერციული ბანკის (ამჟამად ტაოპრივატბანკი) - აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტად; გაერთიანებული ქართული ბანკის - ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორად, ასევე - აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილედ; იკავებდა - Trade Invest Bank - გენერალური დირექტორის მოადგილის და გაერთიანებული ქართული ბანკის - საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას.
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამუშაო გამოცდილებაში ასევე გვხვდება „ბანკი ქართუ“, სადაც ქუმსიშვილი 1999-2011 წლებში მუშაობდა და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ამასთან, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა - „რეშენალ სოლუშენს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; „დამწყები ბიზნესის საინვესტიციო ფონდის" დირექტორად; „პალიტრა მედიას" ბიზნეს-განვითარების დირექტორად. ასევე, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო; "აუდიტკონსალტინგის" აუდიტორი; ,,გაერთიანებული ქართული ბანკის" წამყვანი სპეციალისტი.
მამუკა ბახტაძე - მოქმედი ფინანსთა მინისტრია, რომელიც რამდენიმე წლის ივანიშვილმა „საინტერესო პიროვნებად“ მოიხსენია. მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზეც კი განიხილებოდა (განიხილება). ამასთან, მედიაში იწერებოდა რომ ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის შვილთან უტა ივანიშვილთანაც მეგობრობდა. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, მინისტრობამდე ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ასევე, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორად მუშაობდა; სხვადასხვა დროს იყო სასტუმროების ქსელ „რჩეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „საქართველოს რკინიგზა" პროექტის მენეჯერი.
გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო გამოცდილებაში „ქართუ ბანკი“ არ ფიგურირებს, თუმცა მედიაში არაერთხელ ყოფილა საუბარი მის კავშირებზე ბიძინა ივანიშვილთან. მათ შორის ზოგიერთი ექსპერტის თქმით, სწორედ ბახტაძე და გახარია იყვნენ ის პიროვნებები, რომელთაც ივანიშვილი ხშირად "საინტერესო ახალგაზრდებს" შორის მოიხსენიებდა და რომელთა გვარიც ივანიშვილისგანაც სმენიათ.
რაც შეეხება გახარიას გამოცდილებას, შს მინისტრობამდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა. ამასთან, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა - ეკონომიკური საბჭოს მდივნად; ბიზნესომბუდსმენად Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორად აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; SFK Group-ს - გენერალურ დირექტორად. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის ნაწილის მართვა სწორედ გახარიას ებარა.