ჟურნალისტური გამოძიება: 10 ლარად ახდენილი გლეხის ოცნება?! - სად წავიდა 20-30 ათასი ფერმერისგან აღებული ფული?

დაახლოებით ერთი წელია საქართველოში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს, კონკრეტულ ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვის სანაცვლოდ ბიზნესიდეების დაფინანსებას ჰპირდება.

ბიზნესიდეის დაფინანსების პირობას ფერმერები ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენისგან, დავით კარტოზიასგან იღებენ, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს, კოორდინატორების დახმარებით, სკაიპჩართვებით ამერიკიდან ესაუბრება. „ამერიკული გრანტის“ მიღების პერსპექტივა მხოლოდ 10 ლარი ღირს და კარგი იდეის სანაცვლოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა დაპირებული გრანტი, როგორც თავად ამბობენ, ჯერ არავის მიუღია. არადა არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურების ინფორმაციით, 20-30 ათასი განმცხადებელი უკვე ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ლარი, რომელიც „გლეხს არ დააქცევს“ ერთად თავმოყრილი 200 000-300 000 ლარად უკვე იქცა.

„ბიზნესპრესნიუსმა„ გადაწყვიტა ამ ორგანიზაციის შესახებ ჟურნალისტური მოკვლევა ეწარმოებინა და გაერკვია, სად წავიდა გლეხებისგან აღებული ფული?

„იდეების განვითარების ფონდის“ სახელით...

„იდეების განვითარების ფონდი“ - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს 10 ლარის სანაცვლოდ ბიზნეს-პროექტების დაფინანსებას ჰპირდება. ორგანიზაცია სააჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. რეესტრის ბოლო, 2017 წლის 23 მარტით დათარიღებული ამონაწერით, ფონდს დამფუძნებელთა საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის პრეზიდენტიც, დიანა სახურიაა. მისი მოადგილე კი მიხეილ ნურაშვილია. ამასთან, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე/წევრია: ზურაბ თვარაძე, გამგეობის სხვა წევრებად კი ნიკა შავიშვილი, რამაზ სურმანიძე, გიორგი ლომსაძე და ტრისტან კიკვაძე არიან რეგისტრირებული.

როგორც ხედავთ, რეესტრში ბიზნესმენ დავით კარტოზიას კავშირი აღნიშნულ ფონდთან არ ფიქსირდება, თუმცა ფონდისგან ფინანსურ მხარდაჭერას 10 ლარის სანაცვლოდ მოსახლეობას სწორედ ის სთავაზობს. მეტიც, გასული წლის 5 ოქტომბერს, კარტოზიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ მას და ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს ხელმძღვანელს, დიანა სახურიას ნამდვილად აქვთ საერთო ინტერესები და ამერიკული ZIDF-ის (zeiter ideas development fund) თანადამფუძნებლები არიან. ცნობისთვის, ეს ის კომპანიაა, რომელიც „იდეების განვითარების ფონდთან“ პარტნიორობის შედეგად დავით კარტოზიას ამერიკაში უნდა დაეარსებინა და რისთვისაც მას ფერმერებისგან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ერიცხებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დეტალები თავად დავით კარტოზიასგან გაეგო, თუმცა, მან ამ ეტაპზე ინტერვიუზე უარი თქვა და როგორც მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამის შესაძლებლობა ზაფხულამდე ვერ მოგვეცემოდა, ამიტომ ჟურნალისტური მოკვლევა კარტოზიას გარეშე გავაგრძელეთ.

განხეთქილება ფონდის თანადამფუძნებლებს შორის

ინფორმაციის მოპოვებისას რა თქმა უნდა, „იდეების განვითარების ფონდის“ დირექტორს, დიანა სახურიასაც დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა, რომ ფონდი მისი დაფუძნებულია. ის ასევე ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც თანამშრომლობდა დავით კარტოზიასთან, თუმცა, გასული წლის 9 დეკემბრის შემდეგ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ფონდი გასული წლის 30 მარტს გაიხსნა. უკვე მაის-ივნისის პერიოდში კარტოზიას საკუთარი ანგარიშიდან 8 000 დოლარამდე გადავუგზავნე, რომ ამერიკაში ორგანიზაცია ZIDF დაეარსებინა. 5 აგვისტოს კი ფერმერებთან შეხვედრები დავიწყეთ. ამის შემდეგ, 30 ნოემბერს საქართველოში კარტოზიას შვილი ჩამოვიდა. ხალხთან შეხვედრისას ის ეუბნებოდა, რომ გრანტის მისაღებად ჯერ მზად არ იყვნენ და ამას ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა. ბოლო შეხვედრა მასთან 9 დეკემბერს გაიმართა... მას შემდეგ მათთან ურთიერთობა გავწყვიტე. თებერვალში კი უკვე თავად კარტოზიამ თქვა, რომ ჩვენთან თანამშომლობა აღარ სურდა. მიუხედავად ამისა, სხვა კოორდინატორების საშუალებით და „იდეების განვითარების ფონდის“ სახელით, ცალკე ოფისები დააარსა. რეესტრში ეს ფონდები რეგისტრირებულია როგორც, „ზეიტერ სამეგრელო“, „ზეიტერ გურია“, „იდეების განვითარების ფონდი კახეთი“ და ა.შ. რადგან ეს სახელი დაპატენტებული არ მაქვს, ვერაფერი მოვიმოქმედე და იმ პერიოდს ველოდებოდი, როცა დოკუმენტებით შევძლებდი მასთან საუბარს. შესაბამისად, ისინი საქმიანობას ახლაც აგრძელებენ და როგორც ვიცი სასულიერო პირებიც კი ჰყავდათ ამ საქმეში ჩართული“, - ამბობს სახურია.

სახურიამ იმ სქემაზეც ისაუბრა, თუ ვინ და რაში იღებდა ფულს ფერმერებისგან და ვისი გრანტით უნდა მომხდარიყო მათი დახმარება. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ მის ფონდში 10 ლარიანი მოსაკრებელი 6 ათასამდე ფერმერს აქვს შეტანილი. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ბედი ეწია ამ 6 ათასამდე ფერმერს და მათ მიერ გადახდილ თანხას, სახურიამ გვითხრა, რომ მათთვის თანხის დაბრუნება ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა, რადგან თანხის ნაწილი ამერიკაში იყო გადაგზავნილი. თუმცა, მისი თქმით, ყველასთან ჰქონდათ საუბარი და აუხსნა, რომ ფონდი ცდილობს, სხვადასხვა საელჩოებთან თუ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების შედეგად მათ გრანტის მიღებაში მაინც დაეხმაროს.

„ფერმერების მიერ შემოტანილი თანხა საქართველოში ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა, საიდანაც 30% -ს ამერიკაში დავით კარტოზიას ვურიცხავდით. ორჯერ კი თანხა ვინმე ივი სარმიენტოსთან გადავგზავნეთ. რაც შეეხება სქემას, თუ როგორ ხდებოდა ფერმერებთან მუშაობა: ფერმერს შემოჰქონდა იდეა, შემდეგ ამ იდეებს დარგების მიხედვით ვანაწილებდით და ამერიკაში კარტოზიას ვუგზავნით, რადგან პროექტები იქ უნდა შექმნილიყო და ამისთვის ირიცხებოდა ფერმერების მიერ შემოტანილი თანხის 30%-იც. რაც შეეხება გრანტებს, ამაზე ამერიკაში არსებულ ორგანიზაციას IMTD-ს უნდა ეზრუნა, რომლის დირექტორიც, კერინ დიკმარი იყო. მისი გამოგზავნილი დოკუმენტიც მაქვს, რომელზეც მხოლოდ ხელმოწერაა და არანაირი ბეჭედი. სწორედ ამ ორგანიზაციას უნდა უზრუნველეყო დონორებზე გასვლა და დაფინანსების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ კარტოზიასთან თანამშრომლობის გაწყვეტამდე კერინს ორჯერ ველაპარაკე და დამპირდა „ყველაფერი იქნებაო“. ამის შემდეგ არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია. მცდელობის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ, რადგან მის „ფეისბუქს“ და „სკაიპს“ უკვე კარტოზია პასუხობს,“-აცხადებს სახურია.

სახურიას ინფორმაციით, ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსება არცერთ ფერმერს არ მიუღია. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ამ საქმით გამოძიება დაინტერესდეს, რადგან როგორც სახურია აცხადებს, მის ხელთ არსებული დოკუმენტები ანტიკრიმინალურ საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე მიაწოდა. ჩვენ რა თქმა უნდა, აღნიშნულ ორგანიზაციასაც დავუკავშირდით და დავინტერესდით, იკვეთება თუ არა საქმეში დანაშაულის ნიშნები. თუმცა, როგორც „ანტიკრიმინალური საერთაშორისო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სპარტაკ მუკბანმა განაცხადა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ჯერ მხოლოდ მასალების შესწავლის პროცესში არიან.

„სრული საბუთები ჯერ არ გვაქვს, გვეუბნებიან დღეს-ხვალ მოგაწვდითო და იწელება ეს პროცესი. დაახლოებით ორი კვირაა, რაც რამდენიმე ადამიანმა მომმართა და მათი ინფორმაციით, ამ პროექტში ჯამში, 20-30 ათასამდე ფერმერი იყო ჩართული, თუმცა, დაფინანსება არავის მიუღია. ამასთან, მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით, გავარკვიეთ, რომ დავით კარტოზია არც საქართველოს და როგორც ჩანს არც ამერიკის მოქალაქეა. იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მასალებს პროკურატურას გადავცემთ“ - განაცხადა მუკბანმა.

ვინ არის კაცი „სკაიპიდან“?

რაც შეეხება უშალოდ დავით კარტოზიას და მის საქმიანობას, მისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორი, დიანა სახურია აღნიშნავს, რომ კარტოზიას პირადად არ იცნობდა და თანამშრომლობის დაწყებამდე მის შესახებ არც ინფორმაცია მოუპოვებია.

„კარტოზიას მეც „სკაიპით“ ვიცნობდი, სულ რაღაც მიზეზები ჰქონდა, რის გამოც პირადად შეხვედრა არ ხერხდებოდა. რეგიონებშიც, მოქალაქეებთან სასაუბროდ თავად მას ვრთავდით „სკაიპით“. მის საქმიანობას რაც შეეხება, თვითონ ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესი არ ჰქონდა, მაგრამ ნავთობის ბიზნესი ჰქონდა ამერიკაში, გვაჩვენა კიდეც რაღაც საიტები, მაგრამ როცა ამერიკაში საგამოძიებო სამსახურს დავეკონტაქტეთ, აღმოჩნდა, რომ ეს კაცი არაფერს წარმოადგენდა. გარდა ამისა, იმასაც ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ტყუილია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაც არ აქვს“- ამბობს სახურია.

აღნიშნული ბრალდებების შემდეგ, „ბიზნესპრესნიუსი“ კიდევ ერთხელ შეეცადა დავით კარტოზიასთან დაკავშირებას. მას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მივწერეთ, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, დავით კარტოზია არ გამოგვეხმაურა. რამდენიმე დღეში კი, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ ერთ-ერთ ტელევიზიასთან, სადაც, კარტოზია აცხადებს, რომ მისი ორგანიაციის ფილიალები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მდებარეობს, თუმცა, მხოლოდ უკრაინა დააკონკრეტა.

მისივე ცნობით, ამ პროექტის განხორციელებაში სამი ორგანიზაცია მონაწილეობს. „რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, 6 სათავო რეგიონული ორგანიზაცია გვაქვს, რომელთაც საკუთარი ქვეორგანიზაციები აქვთ. ჯამში, რამდენი განაცხადია ამ ორგანიზაციებში შესული ამის თქმა რთულია, რადგან ზოგიერთ ორგანიზაციაში განაცხადები დამალული/დაკარგულია, რის გამოც სარჩელი უკვე შეტანილია და წარმოებაშია ეს საქმეები. რაც შეეხება საწევრო გადასახადის თემას, ჩვენ რომ ამერიკიდან ფულით შემოვსულიყავით და ამ ორგანიზაციის გახსნა დაგვეწყო, ეს მონათლული იქნებოდა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, რისი მცდელობებიც იყო. ამიტომ ამის თავიდან ასარიდებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზული ორგანიზაცია ვართ და ხალხის ნება-სურვილს ვეყრდნობით, შევქმენით თვითდაფინანსება. აქ იგულისხმება ის 10 ლარიანი საწევრო განაცხადი/გადასახადი, რომელიც შემოდის ორგანიზაციაში და ნაწილდება. კერძოდ, 5 ლარი მოდის ამერიკაში, 5 რჩება საქართველოში. ეს ყველაფერი კი სისტემის შექმნას ხმარდება,“-აღნიშნა კარტოზიამ.

გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით კარტოზიამ განაცხადა, რომ მიდის მოლაპარაკება ამერიკის მთავრობასთან, მაგრამ არ ასახელებს კონკრეტულად ვისთან და აცხადებს, რომ როცა საჭირო იქნება (და ეს ძალიან მალე მოხდება) ისინი მაშინ გამოჩნდებიან. გარდა ამისა, კარტოზიას თქმით, მუშაობენ ძალიან ბევრ დონორთან, რომელთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. ასევე საელჩოებთან აქვთ ურთიერთობა და საუბარია, ემიგრანტების დაბრუნებაზე. კერძოდ, როგორც კარტოზმიამ აღნიშნა, ამზადებენ ოფიციალურ შეთავაზებას, რომ საელჩოები ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარონ, ხოლო თავად მათი ქვეყნებიდან ემიგრანტების გამოყვანაში დაეხმარებიან.

მეტი დამაჯერებლობისთვის კარტოზია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იშველიებს. „რაც შეეხება გრანტების საკითხს, აღსანიშნავია, რომ გრანტი 20 მილიონი დოლარის ოდენობით უკვე გამოყოფილია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენმა ორგანიზაციამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის ივლისში, ვმუშაობთ საქართველოში ეკონომიკის აღორძინებაზე და ვქმნით სისტემის გარკვეულ მექანიზმებს. ამის შემდეგ, 15 სექტემბერს, ამერიკის მთავრობა და USAID გამოდის წინადადებებით და ეკონომიკის აღორძინებისთვის გამოყოფს 20 მილიონ დოლარს. თუ ჩვენ მიერ გაჟღებულ თემებსა და USAID-ის მიერ დასახელებულ თემებს დააკვირდებით, ნახავთ რომ ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ეს 20 მილიონი არავისზე არაა მიმართული და საბუთს თუ წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ უნდა იყოს ახალი მიდგომები, ახალი სისტემები შექმნილი და სწორედ ამ სისტემას ვქმნით ჩვენ,“-აღნიშნავს კარტოზია.

ინტერვიუს მსვლელობისას კარტოზია ვერ ასახელებს, თუ რა თანხას მიიღებს ჯამში საქართველო, ასევე ვერ საუბრობს იმაზე, თუ როდის მიიღებენ მოქალაქეები ამ თანხას და აცხადებს, რომ ხალხი თანხას მიიღებს მაშინ, როცა მზად იქნებიან. ამასთან, კარტოზიას თქმით, ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო სჭირდება.

„რაც შეეხება მოქალაქის მიერ თანხის მიღებისთვის საჭირო პროცედურებს, პირს შემოაქვს განაცხადი რაღაც გარკვეულ თანხაზე, რომელიც გამაგრებულია 10 ლარიანი - საწევრო გადასახადით. ამის შემდეგ, როცა საჭირო დრო მოვა კომისია დაიბარებს ამ ადამიანს და გაესაუბრება, იმის გასარკვევად, თუ მიწის რა ნაკვეთი აქვს, რითი ასაბუთებს, რომ თანხა კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად სჭირდება და ა.შ. განაცხადი ვისაც აქვს შემოტნილი იმის 50% ფიქრობს, რომ თანხის მიღების შემდეგ ევროპაში წავა, ნაწილს ბიუჯეტი აქვს გაბერილი და ა.შ. ამიტომ ეს ყველაფერი არის განსჯის/გარკვევის საკითხი,“-ამბობს კარტოზია.

„ბიზნესპრესნიუსი“ იმითაც დაინტერესდა, თუ ვინ არის, რას საქმიანობს და რა ბიზნესი აქვს დავით კარტოზიას. რეესტრში მისი და შესაბამისად, მისი ბიზნესების შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა. მეტიც მის შესახებ ქართულ მედიაშიც კი ძალიან მცირე ინფორმაციაა გავრცელებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ წლების წინ კარტოზია კიდევ ერთ გახმაურებულ ამბავში იყო მთავარი ფიგურა. კერძოდ, ის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ლაზიკას“ პროექტის იდეის მოპარვას ედავებოდა.

ამერიკაში მცხოვრები დავით კარტოზია მაშინ აცხადებდა, რომ პროექტი, რომლის თანახმადაც 30-32 ათას მოსახლეზე გათვლილი "ლაზიკა" 22-ე საუკუნის, "მწვანე ქალაქი" უნდა ყოფილიყო და რომლის მცხოვრებლებიც ძირითადად ხამანწკების წარმოებაზე დასაქმდებოდნენ, საქართველოს მთავრობას 2010 წლის 16 დეკემბერს შესთავაზეს, თუმცა, 2012 წლის 14 დეკემბერს შეიტყვეს, რომ "იდეა მოპარეს და პროექტს მიღმა დატოვეს". ამის შემდეგ მისი თქმით, ივანიშვილთან თანამშრომლობა სურდა, მეტიც მის გუნდშიც კი გეგმავდა გაერთიანებას.

რა კავშირია კარტოზიასა და USAID-ს შორის?

კარტოზიას ინტერვიუდან მისი და USAID-ის კავშირის შესახებ კონკრეტული ვერაფერი გავიგეთ, თუმცა ფაქტია, რომ ფერმერებთან საუბრისას ის ხშირად ახსენებს ამერიკულ ორგანიზაციას, რომელიც მართლაც გასცემს გრანტებს სხვადასხვა მიზნობრიობით. იყენებს თუ არა კარტოზია ფერმერების დასარწმუნებლად USAID-ის სახელს, თუ მათ შორის მართლაც არსებობს საქმიანი კავშირი, ამის გარკვევას „ბისნესპრესნიუსი“ თავად USAID-ში შეეცადა. როგორც პირად საუბრებში გვითხრეს, კარტოზია მათთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა, ოფიციალურ კომენტარში კი ორგანიზაციის წარმომადგენლები უფრო კორექტულები არიან, თუმცა ამბობენ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ არც დავით კარტოზიასთან და არც იმ საგრანტო პროგრამასთან, რომლის შესახებაც ის ავრცელებს ინფორმაციას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დავით კარტოზიას არასოდეს მიუღია გრანტი უშუალოდ USAID-გან. ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ როგორ ხდება ზოგადად USAID-ის გრანტის მოპოვება.

„USAID-ი გრანტებს კონკურსის წესით შერჩეული იმ პროგრამების განსახორციელებლად გასცემს, რომლებიც სააგენტოს მის მიერ დასახული ამოცანების გადაწყვეტის ოპტიმალურ გზებს სთავაზობენ. ინფორმაცია საგრანტო კონკურსების (ე.წ. RFA) შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე www.grants.gov, სადაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებით დაინტერესებულ ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მოიძიოს, თვალყური ადევნოს და გაეცნოს სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ საკონკურსო პირობებს. USAID-ის დაფინანსებით მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაცემული ქვეგრანტების უმეტესობაც კონკურსის საფუძველზე გაიცემა.კონკურსის პირობები ზემოთ აღნიშნული ქვეგრანტების შესახებ ქვეყნდება ვებგვერდზე www.jobs.ge და სხვა, მსგავს საიტებზე. ინფორმაციის ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენ მას ვაწვდით კონკურსის ყველა შესაძლო მონაწილეს, მათ შორის, საქართველოს მთავრობას, ცალკეულ სამინისტროებს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, ვხვდებით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვმართავთ შეხვედრებს, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაწვდით ინფორმაციას მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ. კონკურსის გარეშე USAID მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გასცემს მცირე ზომის გრანტებს.

მაგალითად მაშინ, როდესაც რომელიმე პროექტის განხორციელება ქვეყანაში მხოლოდ ერთ ორგანიზაციას შეუძლია. ამასთანავე, არც USAID და არც მისი პარტნიორი ორგანიზაციები არასოდეს ითხოვენ მომსახურების საფასურის გადახდას საგრანტო განცხადების წარსადგენად“. - განმარტავენ ორგანიზაციაში.

გრანტის მოლოდინში...

„ბიზნესპრესნიუსი“ იმ ადამიანებსაც დაუკავშირდა, ვინც იდეების განვითარების ფონდში არიან ჩართული და შესაბამისად, ორგანიზაციის ანგარიშზე 10 ლარი უკვე გადარიცხეს. მზეკო მინაძე ნინოწმინდის რაიონის სოფელ სამებაში ცხოვრობს. როგორც გვიყვება, ადგილობრივი მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის დირექტორია და პროექტში თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩაერთო.

„ამ პროექტის შესახებ მეგობრისგან გავიგე და შესავსებად ბლანკი მომცა. როგორც ვიცი, ყველა რეგიონს თავისი კოორდინატორი ჰყავს. ჩვენს რაიონში მათი კოორდინატორი ქეთევან გეჯაძეა. პროცედურა ასეთია: 10 ლარს ანგარიშზე ჩარიცხავ, ამის შემდეგ ქვითარს და შენს იდეას თუ რისთვის გჭირდება დაფინანსება ადგილობრივ კოორდინატორს მიაწვდი. მე განაცხადი მესაქონლეობაზე დავწერე და 25 ათას დოლარზე გავაკეთე განაცხადი. როგორც მახსოვს, გრანტის მაქსიმალური თანხა 100 ათასი დოლარია, ზუსტად არ მახსოვს. როგორც გვითხრეს მაისის შუა რიცხვებში ყველა პროცედურა დასრულდება. ამ პროექტში თებერვლის შუა რიცხვებიდან ვარ ჩართული. როდის იქნება დაფინანსება, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დამიფინანსონ. ისეთი ხალხია ჩართული იმედის გაცრუების ცოტა შანსი არსებობს“, - ამბობს მზეკო მინაძე.

თეა ხიმშიაშვილი სიღნაღის რაიონში ცხოვრობს. როგორც ჩვენთან საუბრისას განაცხადა პროექტში ჩართვა გადაიფიქრა, რადგან ეჭვი ეპარება. „ამ პროექტში ჩართვა მინდოდა. როგორც ვიცი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი აფინანსებს. პროექტი უნდა დაწერო და დასარეგისტრირებლად 10 ლარი უნდა ჩარიცხო. ჩვენთან ამას საგარეჯოს პროექტს უწოდებენ, თუმცა ამბობენ რომ ტყუილიაო და გადავიფიქრე. ხალხი დაფინანსებას 6 თვეა რაც ელოდება“, - გვიყვება თეა ხიმშიაშვილი.

სალომე მესხი წყალტუბოში ცხოვრობს. ორი თვის წინ ის და მისი ოჯახი აღნიშნულ პროექტში ჩაერთო. „დარეგისტრირებული ვართ მეც და ჩემი ოჯახიც. როგორც ბატონი დავითი აცხადებს, დაფინანსება მალე დაიწყება. ოღონდ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ყველა რეგიონს თავისი კოორდნატორი ჰყავს და მათ უნდა მიმართოთ, მოგცემენ შესავსებ ფურცელს, ჩაწერ შენს მონაცემებს და იდეას - რაც გინდა, რომ დაგიფინანსონ. ამისთვის ბანკში 10 ლარის გადახდაა საჭირო. როგორც ვიცი დაფინანსების მოცულობა 200 ლარიდან 20 ათას დოლარამდეა. ამ პროექტის შესახებ გავიგე და იმედი გამიჩნდა, იქნებ საქართველოს რამე ეშველოს. პროექტში 2 თვის წინ ჩავერთე. ზუსტი თარიღი თუ როდის დაიწყება დაფინანსება ცნობილი არ არის“. - ამბობს სალომე.

ჩვენ კიდევ რამდენიმე ადამიანის შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია, ვინც ჩართულია აღნიშნულ პროექტში, ელოდება დაფინანსებას, ან აპირებს მიიღოს მონაწილეობა. როგორც ირკვევა პროექტში ჩართული ფერმერები ამ ეტაპზე დაფინანსების მოლოდინში არიან. როგორც ირკვევა, მოლოდინის რეჟიმშია თავად კარტოზიაც, თუმცა ვისგან ელოდება გლეხებისთვის დაპირებულ გრანტს ამას არ ან ვერ აკონკრეტებს. ამასობაში კი დაფინანსების მომლოდინე ფერმერების რაოდენობა საქართველოში იზრდება და არავინ იცის, სად მიდის მათ მიერ გადარიცხული 10 ლარი, რომელიც ერთ გლეხს არ დააქცევს, მაგრამ ჯამში ამ ფულის ერთად თავმოყრა, თანაც მხოლოდ დაპირებების სანაცვლოდ, მავანისთვის შესაძლოა, ხელის მოთბობის საშუალება იყოს. მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული სქემა მისი ავტორის განცხადებით, საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც მუშაობს. თუ რამდენად ჯდება ამ ტიპის საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოებში, ეს უკვე შესაბამისი უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. ამ სტატით კი ადამიანი მარტივად მიხვდება რამდენად რეალურია შანსი - 10 ლარის სანაცვლოდ მიიღო დავით კარტოზიას მიერ დაპირებული „ამერიკული გრანტი“.

თაია არდოტელი

ლიკა ამირაშვილი

ქრისტინე გამთენაძე