გაყინული ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება

ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება.

ამის შესახებ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებებშია საუბარი.

კერძოდ, მთავრობის 14 მაისის დადგენილების თანახმად, საცალო ვაჭრობაში მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით განთავსებული ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთული უნდა იყოს.

„საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. ამასთან, შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული ვალდებულება ფრინველის გაყინული ხორცის მწარმოებლებისთვის 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ დადგენილებაში შესული ცვლილებების შედეგად, ბიზნესოპერატორმა, რომელიც ნედლი რძის წარმოებას ან/და შეგროვებას ეწევა, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული ცხოველისაგან იყოს მიღებული. მთავრობის 14 მაისის დადგენილების ეს პუნქტი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.