ექვს ნავთობკომპანიას კონკურენციის პირობების დარღვევის გამო,  3 მლნ ლარამდე ჯარიმა დაეკისრა

კონკურენციის სააგენტოში საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დასრულდა, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ხორციელდებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა.

„როგორც თავდაპირველი, ასევე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", "რომპეტროლ საქართველოს", "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და "ლუკოილ ჯორჯიას" მიერ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) დარღვევის ფაქტი,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, კანონის აღნიშნული პუნქტი გულისხმობს, რომ აკრძალულია ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება.

ამასთან, სააგენტომ დაადგინა შპს "რომპეტროლ საქართველოს", "ლუკოილ ჯორჯიას" და „L ოილის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა - ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში.

რაც შეეხება აღნიშნულ ქვეპუნქტს, ის გულისხმობს, რომ აკრძალულია შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის ზემოთ ჩამოთვლილ ეკონომიკურ აგენტებს ჯამში სამ მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის გამო ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. საუბარია კომპანიებზე - "ვისოლი" (10 426 393 ლარის ჯარიმა), "ლუკოილი" (4 740 260), სოკარი (14 381 385), "რომპეტროლი" (10 885 806), "გალფი" (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან. კომპანიებმა პირველივე საჯარო განცხადებებში აღნიშნეს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობდნენ და თითქმის მაშინვე, ხუთივე კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.