სასტუმრო „თორის“ ადგილას Park Inn by Radisson-ის მშენებლობა დაიწყო

თბილისში, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Park Inn by Radisson-ის მშენებლობა უკვე დაიწყო.როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.

Park Inn by Radisson ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "თორის" ადგილას შენდება და ეს აღნიშნული ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოში.

პროექტს საპარტნიორო ფონდი და „ბლოკ ინვესტი“ ერთობლივად ახორციელებენ. მისი დაწყება 2016 წლის ზაფხულიდან იგეგმებოდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები რამდენჯერმე გადაიდო.

„სამუშაოები აპრილში უკვე დაიწყო. ამაჟამად იქ არსებული ნაგებობის (სასტუმრო „თორის“) დემონტაჟი მიმდინარეობს და ჩვენი გათვლებით, სასტუმროს მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში დასრულდება“,-აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 15-სართულიანი და 200 ნომრიანი იქნება.

ამასთან, შენობაში განთავსდება: კაფე, რესტორანი, ტერასა-ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრების ოთახები.

რას შეეხება საინვესტიციო ნაწილს, მისი თქმით, Park Inn by Radisson-ის პროექტის განხორციელება 25 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ნინი  ქეთელაური