„რეალიზაციაში განვადების წილი 25%-დან 15%-მდე შემცირდა“ - ავტოიმპორტიორები სებ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების 3-თვიან შედეგზე

ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ, ავტობაზარზე განვადებების რაოდენობა შეამცირა.

რეგულაციების ამოქმედებიდან 3 თვის თავზე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მსხვილი ავტოიმპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ განვადების რაოდენობამ 15-დან 30%-მდე იკლო, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ საერთო გაყიდვები არ შემცირებულა, თუმცა მყიდველები განვადებას ახლა უკვე ლიზინგით ანაცვლებენ.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულებს - ძიძებს, რეპეტიტორებს, ტაქსის მძღოლებს, პროფილაქტიკის ხელოსნებს და ა.შ, ვისი შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა სჭირდებათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ ამან სხვადასხვა ბიზნესზე გარკვეული ნეგატიური გავლენა მოახდინა. გაყიდვები შეუმცირდათ დეველოპერებს, ტექნიკის მაღაზიებს და ა.შ.

რაც შეეხება ავტოიმპორტიორებს, 3 თვის თავზე კომპანია „თეგეტა მოტორსში“ აცხადებენ, რომ მათთან განვადება 15-დან 30%-მდე შემცირდა. ამასთან, იკლო, ზოგადად განვადების მოთხოვნამაც.

კომპანიის მარკეტინგის განყოფილების უფროსის სანდრო საყვარელიძის თქმით, თუკი რეგულაციების ამოქედებამდე გაყიდვების 25% განვადებაზე მოდიოდა, ახლა უკვე 15%-ზე ჩამოვიდა.

„რეგულაციამ ჩვენზე კარგი ეფექტი ნამდვილად ვერ მოახდინა. განვადებების წილი შემცირდა 15%-ით, თუმცა ძირითადად ეს მაინც ეხებოდა მცირებიუჯეტულ პროდუქტებს. დაახლოებით 30%-იანი კლება არის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად ვტომობილებს, აქ სესხების შეზღუდვას დიდი გავლენა არ მოუხდენია, რაც თავისთავად გასაკვირი არ არის, რადგან ეს უფრო დიდ თანხებთან ასოცირდება. საერთო ჯამში, თუ გასულ წელს რეალიზაციაში განვადებების წილი 25% იყო, ახლა უკვე 15%-ა.“,-აცხადებს სანდრო საყვარელიძე.

მისი თქმით, ავტომობილების მიმართულებით კარგად მუშაობს ლიზინგი, თუმცა მცირებიუჯეტიანი პროდუქტების შემთხვევაში - არა.

„ავტომობილების მიმართულებით ლიზინგი გვაქვს და მაგალითად, „ტოიოტას“ შემთხვევაში კარგად მუშაობს. თუმცა „თეგეტაში“ ყოველთვის განვადებებზე იყო აქცენტი და ლიზინგი მძლავრი ინსტრუმენტი არ არის“,- აცხადებს სანდრო საყვარელიძე.

საქართველოში Mercedes-ის ოფიციალური წარმომადგენლობის „აკა მერსედესის“ გაყიდვების მენეჯერის სალომე გაბელიას თქმით კი, რეგულაციებს კომპანიის გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს შემოსავლების წარდგენა არ სურს, ამიტომ განვადების ნაცვლად ავტოლიზინგს მიმართავს.

„ვერ ვიტყოდი, რომ შემცირდა, მაინც იგივე რაოდენობით გვაქვს გაყიდვები. უბრალოდ, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს არ აქვს სურვილი წარადგინოს საკუთარი შემოსავლები და ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ალტერნატივები არსებობს, მაგალითად, ლიზინგი და იმას მიმართავენ“,- აცხადებს სალომე გაბელია.

ნინი ქეთელაური