Volkswagen-ი მსოფლიო ბაზრიდან 700 ათას ავტომობილს გაიწვევს - მიიღეს თუ არა შეტყობინება თბილისის ოფისში

გერმანული ავტოგიგანტი კომპანია Volkswagen-ი მსოფლიოს მასშტაბით 700 ათას ავტომობილს გაიწვევს. საუბარია მოდელებზე Tiguan და Touran, რომლებიც ბაზარზე 2018 წლის 5 ივლისამდე გამოვიდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გაწვევა დაკავშირებულია ამ მოდელებში აღმოჩენილ ტექნიკურ ხარვეზთან. კონკრეტულად კი მათ სალონში არსებულ პანორამულ სახურავებზე დამონტაჟებულ შუქდიოდის სისტემის გაუმართაობასთან.

როგორც Reuters წერს, აღნიშნულ მოდელებში წყლის მოხვედრამ შესაძლოა, გამოიწვიოს მოკლე ჩართვა მის სადენებში, შედეგად კი გამორიცხული არ არის, რომ დაზიანდეს თავად მოწყობილობა, დაიწვას ავტომობილის ჭერი ან მოხდეს აალება. ამ დროისთვის გერმანიაში უკვე გაიწვიეს 52 ათასი ავტომობილი.

მოვიდა თუ არა გაწვევასთან დაკავშირებით შეტყობინება Volkswagen-ის თბილისის ოფისში, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობას დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, გაწვევაზე შეტყობინება სათავო ოფისიდან არ მოსულა.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ოფიციალური განცხადება გაწვევასთან დაკავშირებით არ მოსულა. ალბათ, ამის მიზეზი ის არის, რომ 2017-2018 წლებში ჩვენ არც Tiguan-ის და არც Touran-ის არც ერთი მოდელი არ შემოგვიყვანია. სხვა წლებში გამოშვებულებზე კი არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია. თუმცა იმ შემთხვევაში, რომც გვყოლოდა დახარვეზებული მანქანა შემოყვანილი, მათი შეკეთება მეპატრონეებისთვის პრობლემა არ იქნებოდა. გაწვევა არ ნიშნავს მთლიანად ბაზრიდან ამოღებას. დაფიქსირებული ტექნიკური წუნის აღმოფხვრა აქ ჩვენს სერვის-ცენტრებში იქნებოდა შესაძლებელი“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ Volkswagen-ის ოფიციალურ წარმომადგენლობაში.

კოკა კვირკველია

ნინი ქეთელაური