ტელეკომპანია „რუსთავის 2“ -ის წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის შვილი გახდა.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ის მესაკუთრე გახდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის - 51%-ის წილის მფლობელი კი შპს „ტელეკომპანია საქართველოა“.
თავის მხრივ, შპს „ტელეკომპანია საქართველოში“ წლების განმავლობაში წილები ლევან და გიორგი ყარამანიშვილებს ეკუთვნოდათ. 2017 წლის აპრილის ამონაწერის მიხედვით, გიორგი ყარამანიშვილი 40%-ს, ლევან ყარამანიშვილი კი 60 %-ს ფლობდა.
თუმცა სულ ახლახანს „რუსთავის 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელ კომპანიაში წილების დათმობა/გასხვისება მოხდა. 2018 წლის 20 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-იანი მეწილე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა. დანარჩენი 25-25%-ის მფლობელებად კი ლევან და გიორგი ყარამანიშვილები დარჩნენ.
ელზა წიკლაური