გორგასლის მოედანს ისტორიულ-სავაჭრო დანიშნულება უბრუნდება

გორგასლის მოედანს ისტორიულ-სავაჭრო დანიშნულება უბრუნდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს კომპანია "ახალი გზის" წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა მეიდან ბაზარს გახსნის.

ძველი თბილისის შუაგულში, გორგასლის მოედანზე, გვირაბში მეიდან-ბაზარი იხსნება, სადაც ქართული ნაწარმის, ღვინის, მრეწველობის, ხალხური ნაკეთობების, სამუზეუმო ასლების, სასაჩუქრე და სასუვენირო ნივთების, ქართული სამოსელის, მინანქრის, ქართული თიხის, ანტიკვარის, ძველებური ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ბაზარში მოწყობილია ქართული ღვინის, ყველის და სხვა ქართული ნაწარმის სადეგუსტაციო დარბაზი. პროექტი კომპანია "ახალმა გზამ" განახორციელა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, მეიდან ბაზრის ადგილი და მდებარეობა ხელს შეუწყობს ქართული ნაწარმის მიმართ როგორც ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას, ასევე პროდუქციის გაყიდვების გაზრდას როგორც ქალაქის სტუმრებსა და დამთვალიერებლებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში.

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ისტორიულად, IV-V საუკუნიდან ეს ადგილი წარმოადგენდა სავაჭრო მოედანს, სახელწოდებით "შაითან ბაზარი", "თათრის მოედანი", "ციხის მოედანი" - ოსტატთა კარიბჭე, სადაც იმართებოდა სხვადასხვა წარმოშობის პროდუქციის, ქართული ნაწარმისა და ხალხური ნაკეთობების ყიდვა-გაყიდვა.

სწორედ აქ იყრიდნენ თავს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ვაჭრები და ხელოსნები. მათი საქმიანობიდან გამომდინარე დაერქვა და დღემდე შემორჩა მთელ კვარტლებს სახელწოდებები: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და სხვა.