„საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ავიაკომპანია Wizz Air-თან დაკავშირებით რადიკალურად არის შეცვლილი და გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა კომპანიის ბაზრიდან გაშვებას აპირებს" – ამის შესახებ HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ მიზნით ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა უკვე განხორციელდა, მაგრამ თემა დროებით, არჩევნების გამო დაიხურა.
„სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრის მხრიდან Wizz Air-თან მიმართებით რადიკალურად არის შეცვლილი, უარყოფით კონტექსტში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოქტომბრის ბოლოს, როდესაც Wizz Air-ისთვის უნდა მომხდარიყო ზამთრის განრიგის დამტკიცება სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რომ არ მომხდარიყო ამ ავიაკომპანიისთვის განრიგის დამტკიცება, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება. რეალურად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია Wizz Air ქართული ბაზრიდან გაუშვას. ხელისუფლებაში გარკვეული ძალები ლობირებენ, რომ მაქსიმალურად მოხდეს Wizz Air-ის შევიწროება ქართულ ბაზარზე. ასევე იგეგმებოდა კომპანიის მხრიდან გარკვეული შავი პიარის აგორებაც, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის“ - აცხადებს ვასო ურუშაძე.
ამასთან, ურუშაძის განცხადებით, ანალოგიური მიდგომები აქვთ და ზეწოლას განიცდის ქართული ავიაკომპანია My Way Airlines-იც, რომელსაც ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.
„ერთობლიობაში ეს პოლიტიკა ემსახურება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას. ეს არის გარკვეული ინდივიდუალური პირების ლობირების შედეგი, რომელთაც აქვთ დაინტერესება, რომ საქართველოს ავიაბაზარზე არ იყოს ჯანსაღი კონკურენცია", - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ HUB Georgia-ს ხელმძღვანელი.
ცნობისათვის, Wizz Air, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, ის ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ასრულებს. ავიაკომპანია My Way Airlines-მა კი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაწყო და რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს.
ქრისტინე გამთენაძე