რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები

მთავრობის წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათი ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის 18 წევრის (მინისტრებისა და მათი მოადგილეების) ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ისინი წილებს ფლობენ ან დირექტორის თანამდებობებს იკავებენ 47 სხვადასხვა კომპანიაში.

„კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არაზუსტად აქვთ მითითებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ამავე დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შესაძლოა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევდნენ, ვინაიდან მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული საწარმოები (შპს „მედსფეისი” ზაზა ბოხუას შემთხვევაში და შპს „ლანჩ თაიმი“, შპს „ჰელსი ფუდი“, შპს „მროვი“, შპს „აგრო 1959“ და შპს „ჩხავერი“ გიორგი ხანიშვილის შემთხვევაში) სავარაუდოდ, მათივე სამსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

ამ კვლევაზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას მთავრობის იმ წევრთა ბიზნესების შესახებ, რომლებიც საწარმოებში წილს ჯერ კიდევ ფლობენ და არც გაჩუქებული აქვთ და არც სამართავად აქვთ სხვა პირისთვის გადაცემული. ამ პირთა შორის არიან:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, რომელიც ამ პოსტზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა. იგი წილებს სამ კომპანიაში ფლობს, მაგრამ წილის მართვის უფლება ჯერჯერობით სხვაზე გადაცემული არ აქვს. კერძოდ, ნინუას ეკუთვნის შპს „ქართული ვენახის” 25%-იანი; შპს „ქართული ბაღის” 33%-იანი და შპს „ჯორჯიან მენეჯმენტ გრუპის” 35%-იანი წილები.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასევე წინა თვიდან იკავებს, თუმცა, მანამდე უწყებაში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ხსენებულ პოზიციაზე ყოფნისას შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „კომპლექს სერვისში” არსებული 30%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ წილის მართვის უფლება სხვაზე გადაცემული არც ხვთისიაშვილს აქვს.

ფინანასთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე შპს „მეგობრობა“ საქართველო-ს 20%-იანი წილის მფლობელია. თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საწარმოდან შემოსავალი არ მიუღია. მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს, რაც კანონდარღვევაა. ასევე, საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია, სავარაუდოდ, გიორგი კაკაურიძის სამსახურებრივი ელ. ფოსტა - giorgi.kakauridze@mof.ge, რაც კითხვებს წარმოშობს სამეწარმეო საქმიანობაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 4 კომპანიის მეწილეა, რომლებშიც დირექტორის პოსტი მან დატოვა, თუმცა ცვლილებების რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან წარდგენილ დოკუმენტებში საჯარო რეესტრმა ხარვეზი დაადგინა.

კვლევის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის ოჯახი. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, თვითონ, მისი მეუღლე და მისი არასრულწლოვანი შვილი წილებს ფლობენ სხვადასხვა კომპანიაში.

რაც შეეხება თავად მინისტრის მოადგილეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ხანიშვილი შპს „ჰელსი ფუდში” დირექტორის პოსტს იკავებს და მისი წილი მართვის უფლებით გადაცემული არაა. ასევე, შპს „ჩხავერში" გიორგი ხანიშვილის წილის მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არაა და ამ კომპანიაში 50%-იან წილის ფლობა არც მის ქონებრივ დეკლარაციაშია შეტანილი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ხანიშვილი დირექტორად ფიგურირებს შპს „დავით საჯარიშვილი ალკოში.” ყველა ეს შემთხვევა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა.

„ამასთან ერთად, მინისტრის მოადგილეს, შპს „აგრო - 1959” ბოლო დეკლარაციაში თავისი შვილის სახელით აქვს დეკლარირებული. თუმცა, სამეწარმეო რეესტრში მისი შვილის ნაცვლად თავად გიორგი ხანიშვილის სახელი ფიქსირდება. კომპანიის დაარსებიდან, მისი 100%-იანი წილის მფლობელი (გიორგი ხანიშვილი) არ შეცვლილა. თუმცა, ამჟამად წილის მმართველად თამაზ კუთხაშვილია მითითებული.

ასეთივე სიტუაციაა შპს „ლანჩ თაიმის” შემთხვევაშიც, რომელიც გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში შვილის სახელზე აქვს მითითებული (25%), მაგრამ რეესტრში მფლობელად მისი, ხოლო წილის მმართველად თამაზ კუთხაშვილის სახელი ფიგურირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი 15 წლის შვილი გიორგი ხანიშვილი 40%-იან წილს ფლობდა შპს „ლ.ბ. ინვესტ–ჯგუფში”, საიდანაც მას 2016 წელს შემოსავლის სახით 354 900 ლარი ჰქონდა მიღებული. თუმცა, როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ვგებულობთ, ამ კომპანიის მეწილე არასდროს ყოფილა მინისტრის მოადგილის შვილი. 2017 წლის 6 ივლისამდე 40%-იან წილს კომპანიაში თავად გიორგი ხანიშვილი ფლობდა, ხოლო იმავე წლის 25 აგვისტოდან კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი მისი ბიზნეს პარტნიორი ვასილ ხანიშვილია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ ჰქონდა შვილის სახელზე დეკლარირებული შემოსავალი იმ კომპანიიდან, რომლის მფლობელიც თავად იყო,“-აღნიშნულია კვლევაში.