საქართველოში საეჭვო ხარისხის ფქვილი შემოდის?

”ფქვილს ქიმიურ და სხვა სახის დანამატებს ურევენ, რაც ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე”

”ქართულ ბაზარზე საეჭვო ხარისხის ფქვილი შემოდის” - გვითხრა წისქვილკომბინატების ასოციაციის ხელმძღვანელმა - ლევან სილაგავამ, რომელიც იმპორტირებული ფქვილის ხარისხის შემოწმებას მოითხოვს. ბატონმა ლევანმა  bpn.ge-ს რუსეთის ფქვილის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარის ა. გურევიჩის წერილი გააცნო: ”რუსეთის ფედერაციაში ფქვილსა და ბურღულს აწარმოებენ როგორც მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ასევე ტექნიკურად სუსტად აღჭურვილი, კუსტარული საწარმოები, რომლებსაც არ შეუძლიათ უზრუნველყონ პროდუქციის ხარისხი... ასეთი ფქვილისაგან გამომცხვარი პური უსაფრთხო არ არის”, - აღნიშნავს გურევიჩი წერილში, რომლის ადრესატიც ვლადიმირ პუტინია.

ეს წერილი ორმაგად საყურადღებოა ჩვენთვის იმიტომ, რომ რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია - ამ ქვეყნიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ფქვილი შემოდის. ამის საბუთად "საქსტატის" მონაცემებს მოვიშველიებთ: ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ფქვილის იმპორტი აშკარად გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში რუსეთიდან 0,9 ტონა ფქვილის იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც 0,5 ათასი დოლარი იყო. 2012 წელს რუსეთიდან საქართველოში 24,5 ტონა ფქვილი შემოვიდა, 2013 წელს კი - 4 428 ტონა. რაც შეეხება 2014 წლის მიმდინარე პერიოდს (იანვარი-მაისი) რუსეთიდან შემოტანილია 4 978 ტონა ფქვილი.

დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ ”საქართველოს წისქვილკომბინატების” ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა გვესაუბრება:

-ბატონო ლევან, თავდაპირველად როდის გაგიჩნდათ ეს ეჭვი?

-ეჭვი ყოველთვის გვქონდა, უბრალოდ, რუსებმა ახლა უკვე თვითონ დაადასტურეს. ამის დასტურია წერილი, რომელიც რუსეთის ფქვილის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა მისწერა პრეზიდენტ პუტინს. სხვათა შორის, იქ წერია, რომ რუსეთში ფქვილის 40 პროცენტი კუსტარული მეთოდით არის გამოშვებული და მხოლოდ 60 პროცენტია მაღალტექნოლოგიური წისქვილკომბინატების ნაწარმი. აქვე, ამავე წერილში მითითებულია, რომ ეს საშიშროებას უქმნის რუსეთის მოსახლეობას იმის გამო, რომ ფქვილს ქიმიურ და სხვა სახის დანამატებს ურევენ, რაც ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ, ისინი მოითხოვენ, რომ თვით პრეზიდენტი ჩაერიოს ამ საქმეში, ამასთანავე, მოითხოვენ ტექნიკურ რეგლამენტსაც.

- როგორც ვიცი, ტექნიკური რეგლამენტის დაწესებას თქვენი ასოციაციაც მოითხოვს.

- დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯის გადადგამა აუცილებელია. საერთოდ, ტექნიკური რეგლამენტი ნიშნავს, რომ პროდუქციის ხარისხი ამ რეგლამენტით გამოშვებულ პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს. სხვათა შორის, საქართველოში ამ თემაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და იმედია, ახლო მომავალში ტექნიკური რეგლამენტი გვექნება - ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ადრეც გამოთქვამდით უკმაყოფილებას საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის გამო - ვამბობდით, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებული ფქვილის ხარისხი ძალიან დაბალი იყო, რომ მისი ფასიც საეჭვოდ დაბალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წლების მანძილზე საქართველოში რაღაც საეჭვო მანიპულაციებით დამზადებული ფქვილი შემოდიოდა. ხორბალს ჩვენც რუსეთში ვყიდულობთ, უბრალოდ აქ ვამუშავებთ. ტრანსპორტირება მათაც იგივე უჯდებათ, მაგრამ მათი ფასი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენი, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა -რატომ? აქედან გამომდინარე გაჩნდა ეჭვი, რომელიც უკვე თვით რუსებმაც დაადასტურეს. გურევიჩის წერილში ნათქვამია, რომ ფქვილის 40 პროცენტი კუსტარულ საწარმოებში მზადდება, რაც ძალიან დიდი ციფრია რუსეთისთვსაც კი - წარმოიდგინეთ, 6 მილიონ ტონაზეა ლაპარაკი. აქედან მცირე ნაწილიც რომ მოხვდეს ქართულ ბაზარზე, ჩვენთვის საკმარისია!

-ბატონო ლევან, ბოლო ხანებში სურსათის ეროვნული სააგენტო საკმაოდ აქტიურად ამოწმებს პროდუქციის ხარისხს.

-სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქტის ხარისხს მართლაც აკონტროლებს, მაგრამ ისინი ყველაფერს შერჩევით ამოწმებენ და ჯერ არა აქვთ ის ძალა და გავლენა, რომელიც საჭიროა. ყველაზე კარგია იმპორტირებული პროდუქცია საზღვარზე რომ გაკონრტოლდეს, მაგრამ საზღვარზე კონტროლი ფინანსთა სამინისტროს ევალება და არა - სურსათის უვნებლობის სამსახურს. აქაც რაღაც შეუთავსებლობაა. სხვათა შორის, ეს პრობლემა კვერცხის გამოც არსებობს: შემოდის შეუმოწმებელი პროდუქცია, იბნევა მთელ საქართველოში და მერე სუპერმარკეტებში დასდევენ - ვადა ხომ არ გაუვიდა, ან უხარისხო ხომ არ არის. უმჯობესია, საზღვარზევე შემოწმდეს ყველაფერი, თორემ მერე, რომ შემოვა, მთელ საქართველოში უნდა სდიო და ამოწმო... ჩვენი სურვილია დამტკიცდეს ე.წ. სეიფგარდის კანონი, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაცვას გულისხმობს. ამ კანონზე მუშაობაც მიმდინარეობს, პროექტიც არსებობს. ”სეიფგარდის კანონი” საჭიროა იმისათვის, რომ ადგილობრივი ბაზარი დავიცვათ როგორც უხარისხო, ასევე კუსტარული ნაწარმისაგან. ეკონომიკის სამინისტრო გვპირდება, რომ ეს კანონიც მალე გვექნება.

-უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას?

- ჯერ ვისაუბროთ იმაზე, თუ რას გულისხმობს ტექნიკური რეგლამენტი: დავუშვათ, ფქვილს აწერია, რომ ის უმაღლესი ხარისხისაა. ტექნიკურ რეგლამენტში ჩამოთვლილია ის კომპონენტები, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ფქვილი უნდა აკმაყოფილებდეს. როდესაც ტომარაში არსებული ფქვილი არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს, მაშინვე მიღებული იქნება სანქციები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რაღაც მინიმალური ზღვარი მაინც დაწესდეს, რომ პროდუქციამ ჯანმრთელობას არ ავნოს, მასში რაღაც მინარევები, ქიმიური ნივთიერებები, ან ისეთი გამამდიდრებლები არ იყოს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. გარდა ჯანმრთელობისა, აქ მეორე სერიოზული პრობლემაც იკვეთება: რუსეთში ფქვილის ნაწილი მზადდება კუსტარულად, ჩრდილოვანი ეკონომიკა აქვთ და ჩვენ მათ კონკურენციას როგორ გავუწევთ, როცა გადასახადებს არ იხდიან? მე არ ვლაპარაკობ რუსეთიდან შემოსულ ყველა სახეობის ფქვილზე, მე ამას ვამბობ კუსტარულ ნაწარმზე. თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში ჩვენი პროდუქცია რუსულს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, თუ რაღაც მანიპულაციებთან არ მოგვიწევს დაპირისპირება. სხვათა შორის, ცუდი არ იქნება, თუ პურზეც დაწესდება ტექნიკური რეგლამენტი, რადგან ეს საუკეთესო ინსტრუმენტია პროდუქციის ხარისხის გასაკონტროლებლად.

- საინტერესოა, რომელი ქვეყნების პროდუქციას იყენებენ ჩვენი წისქვილკომბინატები?

-ძირითადად რუსულ, უკრაინულ და ყაზახურ ხორბალს ვიყენებთ. ამას ვერ გავექცევით იმიტომ, რომ ეს ახლომდებარე ქვეყნებია. სხვა ქვეყნებიდან, თუნდაც ამერიკიდან წამოღება არარეალურია. მეზობელი სახელმწიფოებიდან ხორბლის ტრანსპორტირება და წარმოება უფრო იაფი გვიჯდება. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი და იდეალური იქნებოდა, რომ ადგილობრივი, ქართული ხორბალი იყოს საკმარისი რაოდენობით. აქვე, კახეთიდან ტრანსპორტირება უფრო იაფი დაგვიჯდებოდა, თუმცა ჩვენი ნაწარმის 10 პროცენტზე მეტს ადგილობრივი ხორბალი ვერ წვდება. ამიტომაც არის საშური საქმე, რომ ადგილობრივი ხორბლის მოსავალი გავზარდოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე