ლუდი „ყაზბეგი“ შესაძლოა, გაიყიდოს

ლუდი „ყაზბეგი“ შესაძლოა, გაიყიდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის, „აისთან“. 

„ამ ეტაპზე ლუდ „ყაზბეგის“ შესაძლო გასხვისებასთან მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმინარეობს, მათ შორის, არის „აისიც“. განიხილება ასევე სხვა კომპანიასთან გაერთიანებაც“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან „ყაზბეგის“ გასხვისება, თოფაძემ ეს არარენტაბელურობით ახსნა: „ძალიან ბევრი კომპანია აწარმოებს ლუდს, ასევე დიდი რაოდენობით ხორციელდება იმპორტი. შესაბამისად, ლუდის წარმოება გახდა არარენტაბელური. ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი გასხვისება ან რომელიმე კომპანიასთან გაერთიანება“, - განაცხადა თოფაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ლუდი „ყაზბეგის“ გარშემო მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს არანაირად არ ეხება ლიმონათის წარმოებას.  

როგორც ცნობილია, ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან აწარმოებს. კომპანია „ყაზბეგი“ კი 1994 წელს შეიქმნა და 1995 წელს პირველი ქართული ლუდი „ანანური“ გამოუშვა.

ელზა წიკლაური