თბილისში ავტომუზეუმი იხსნება

რამდენიმე დღეში თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნება.

ამის შესახებ მუზეუმის წარმომადგენელმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა. იდეის ავტორი და მუზეუმის სულისჩამდგმელი კერძო კოლექციონერი, ქართველი ბიზნესმენი გიორგი მამულაშვილია, რომელიც 25 ოქტომბერს, მუზეუმის გახსნის ოფიციალურ დღეს, დამთვალიერებლებს 24 რარიტეტულ მანქანას წარუდგენს.

წარმოდგენილ კოლექციაში დამთვალიერებელს "ზილ-115",-ის, "გაზ-014" -ის, "გაზ-22"-ის, "გაზ-12"-ის, "ჟიგული 01"-ის, "ჟიგული 03"-ის, ზაზ- 965-ისა და ბევრი სხვა მანქანის ნახვის შესაძლებლობა ექნება, რომლებიც მნახველს საინტერესო ისტორიებსაც შესთავაზებენ. მაგალითად, "ზილ-115", უნიკალური ჯავშნიანი ავტომობილია, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა, ამის გამო მას ზედმეტი სახელი - "წევრმზიდი" შეარქვეს. ამ მოდელის მხოლოდ 106 მანქანა გამოვიდა საბჭოთა კავშირში, გიორგი მამულაშვილის ავტომუზეუმის ექსპონატი კი რიგით 102-ეა.

რაც შეეხება მუზეუმის ბილეთის ფასს, ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია, თუმცა, როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ავტომუზეუმის მიზანი მოგების მიღება არ არის. შემოსავალი მხოლოდ მუზეუმის შენახვას მოხმარდება.

ავტომუზეუმი, სამომავლოდ, ბევრი სიახლის განხორციელებას გეგმავს: ”მუზეუმის ტერიტორიაზე გაიხსნება კაფე, წარმოდგენილი იქნება რეტროტროლეიბუსი. ასევე გვექნება სერვისი, რომელიც მსურველს საკუთარი რეტრომანქანის შეკეთება-განახლებას შესთავაზებს,”-აღნიშნავენ მუზეუმში.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ მასალის ინგლისური ვერსია: Rare models of “Zhiguli”, “Gaz”, “Zil” – Automuseum to open in Tbilisi

იხილეთ სიუჟეტი

იხილეთ ფოტოგალერეა