"ახალი გზის პროექტის განხორციელების დროს გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა"

სტიქიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ახალი გზის პროექტის განხორციელების დროს არ მომხდარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა "მზიურში" განუცხადა.

მისი თქმით, ეს ტრაგედიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. "აქ იყო ერთი მხრივ სტიქია და მეორე მხრივ ადამიანის შეცდომები. ფაქტია, რომ დაგუბების რამდენიმე წერტილი იყო. მთელი ეს ხეობა გამოიარა წყალმა არსებითი წინააღმდეგობისა და ზიანის გარეშე, როგორც კი შემოვიდა ქალაქში, როგორც კი შემოვიდა ახალი გზის პროექტის დროს წარმოქმნილ არტახებში, ვეღარ გაიარა ეს არტახები და იქ დატრიალდა ტრაგედია. ეს პროექტი გაკეთდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. მაგისტრალის სტატუსი მოეხსნა. ეს სტატუსი რომ ყოფილიყო, გაკეთებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ბევრი რეკომენდაცია იქნებოდა გათვალისწინებული. ეს ტრაგედიის გამომწვევი ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა არ შეიძლება მხოლოდ ამაზე აქცენტის გაკეთება, რადგან არის ბევრი კუმულაცია - ბუნება, სტიქია და ადამიანის უგუნურება, - განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, მდინარის გარშემო ინფრასტრუქტურა არასწორად არის მოწყობილი. "ეს ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც სკოლაში არ იყვნენ ადამიანები. სტიქია რომ მომხდარიყო დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები იყვნენ სკოლაში, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. არ შეიძლება მდინარის ხეობაში ამ ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე არ შეიძლება საცხოვრებელი სახლების მოწყობა, ეს მიგვანიშნებს, რომ ვიღაცეები გულგრილად მოეკიდნენ, როდესაც ადამიანები სახლებს აშენებდნენ აქ", - განაცხადა აგულაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას პროკურატურის შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით, როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა თავისი ფუნქციების შესაბამისად შეეცდება გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. "ჩვენ გვქონდა გუშინ პირველი შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ, სპეციალისტები, ექსპერტები, გეოლოგები, გეოინჟინრები, გეოგრაფები და ვიმსჯელეთ მომხდარზე. ჩვენი ამოცანა მიმართულია იმისკენ, რომ უკვე დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და მომავალში ასეთი ტრაგედია აღარ დაგვატყდეს თავს. ვერეს ხეობას ასეთი სტიქიის გამომწვევი პოტენციალი აქვს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალში მსგავსი აღარ განმეორდეს", - განაცხადა აგულაშვილმა.