ხუდონჰესის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები აქვს

თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვალა, არც ტყე იქნება და არც თევზი, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს. აგულაშვილის განმარტებით, მისი მიზანი ამ დამოკიდებულების შეცვლაა, სხვა შემთხვევაში კი "მინისტრობას აზრი არ ექნება".

"ტყეების სამრეწველო მოპოვება ძალიან უნდა შემცირდეს. სამწუხაროდ, ბრაკონიერობაც სენივით არის. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში წავაწყდით ინფორმაციას, როგორ ყიდის ვიღაც თევზს, შამაიას. ინფორმაცია ზედამხედველობის დეპარტამენტს გადავუგზავნე. ვიმედოვნებ, ავტორს მიაგნებენ, მაგრამ თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვალა, არც ტყე იქნება და არც თევზი. მე შემიძლია გითხრათ, რომ შევცვლი ამ დამოკიდებულებას. ჩემთვის საკითხი ასე დგას: შევცვლი, ან ჩემს მინისტრობას აზრი არ ექნება", - აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებამ იცის, რა უნდა მოითხოვოს და თუ პარლამენტი, ხელისუფლება და საზოგადოება ეტყვიან "არას", გამოდის, მათ არ სჭირდებათ "ასეთი სახელმწიფო და ასეთი სამინისტრო".  "გაგვიგებთ? ძალიან კარგი. ვერ გაგვიგებთ? თქვენს თავს დააბრალეთ", - აღნიშნავს გარემოს დაცვის მინისტრი.

აღნიშნულის გარდა, აგულაშვილი ინტერვიუში "ხუდონჰესის" პროექტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ენერგეტიკის სამინისტროს მათი უწყების მხრიდან უკან 111 შენიშვნით დაუბრუნდა. "როდესაც "ხუდონჰესის" გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოვიდა, სამინისტრომ 111 შენიშვნით დააბრუნა უკან. ჯერ არ მოსულა შესწორებული ვარიანტი. ამიტომაც ვერ გეტყვით წინასწარ, რას ვიზამთ", - განმარტავს გიგლა აგულაშვილი.