ეკონომიკური პროგნოზი 2016 წლისთვის
4 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ დაძაბული იყო.

ექსპერტთა ნაწილი 2016 წელს იმედებს უკავშირებს, ნაწილი კი არასახარბიელო პროგნოზებს აკეთებს. ასეა თუ ისე, ფაქტია - "ეკონომიკის ფრონტზე" ქვეყანას რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს.

დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: "მიუხედავად საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსა და ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ჩვენი ეკონომიკა 4,6%-ით გაიზარდა და ერთ-ერთი მოწინავე იყო რეგიონში. შედარებისთვის, ამავე პერიოდში აზერ­ბაიჯანის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2,8% იყო, სომხეთის - 3,4%, რუსეთის - 0,6%, უკრაინის - 6,8 და თურქეთის - 2,9%. 2015 წლის 10 თვეში, წინასწარი შეფასებით, მშპ-ის ზრდა 2,8%-ია, მთელი წლისთვისაც მინიმუმ 2,8%-იან ზრდას ველოდებით. თავდაპირველად სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენს რეგიონსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, პროგნოზი 2%-მდე შევამცირეთ. სამაგიეროდ, ეკონომიკური აქტივობის ფონზე, 2016 წლისთვის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება: 2016 წელს 3%, ხოლო 2017 წელს - 5%, რაც ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებში.

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა (ექსპორტიდან შემოსავლის, ფულადი გზავნილების კლებამ), აგრეთვე, უარყოფითმა მოლოდინმა. ლარის კურსში, რომელიც ბოლო დროს აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა, უკვე ასახულია ყველა შოკი, მათ შორის უარყოფითი მოლოდინიც და შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ჩვენ მის გამყარებას ველოდებით. ამის თქმის საფუძველს არსებული ვითარებისა და აგრეთვე, საგადამხდელო ბალანსის პროგნოზის ანალიზი იძლევა, რომელიც ქვეყანაში შემოდინებული და გადინებული ვალუტის მოცულობის ნათელ სურათს გვიქმნის. 2015 წლის მეორე კვარტალიდან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა 16,2%-ით (68,7 მლნ დოლარით), სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 7%-ით (74,7 მლნ დოლარით), მომსახურების ბალანსი კი ჩვეულებისამებრ დადებითია. 2015 წლის 11 თვის განმავლობაში, 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად - 14,8%-ით (1,14 მლრდ დოლარით) შემცირდა საქონლის იმპორტის მოცულობა. იმავდროულად, ტურიზმის ექსპორტიდან შემოსავალი გაიზარდა (+93,45 მლნ დოლარით). მათმა ჯამმა არა მხოლოდ დააბალანსა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლებით (შესაბამისად, -608,7 მლნ და
-341,8 მლნ დოლარით) გამოწვეული უცხოური ვალუტის დანაკლისი, არამედ მას 284 მლნ დოლარითაც გადააჭარბა. შესაბამისად, შემცირებულია წნეხი ეროვნული ვალუტის კურსზე.

წლევანდელ 11 თვეში ტურიზმიდან შემო­სავალმა 3,259 მლრდ ლარი შეადგინა.­ გამოთვლილია, რომ ერთი ვიზიტიორი დღეში საშუალოდ 600 ლარს ხარჯავს, რაც ჯამში 210,966 მლნ ლარით, ანუ 93,45 მლნ დოლარით (6,9%-ით) მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. აქედან გამომდინარე, დღეისთვის ლარის კურსის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს, პირიქით, არსებობს ყველა საფუძველი მისი გამყარებისთვის".

თურქული ლირა და რუსული ნავთობი

ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ჩემი გათვლებით, მშპ-ის ზრდა 2016 წელს 2,5-2,6% იქნება. ექსპორტის თვალსაზრისით რამე ხელშესახებ მატებას არ ველოდები, რადგან ყველა ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორს დიდი პრობლემები აქვს. თურქეთში რთული ფინანსური ვითარებაა და დამატებით, რამდენადაც ვხედავ, პოლიტიკურ პრობლემებშიც გადაიზარდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა. 2016 წლისთვის თურქეთს უზარმაზარი ბაზარი გამოაკლდა რუსეთის სახით და როცა ეს შემოსავალზე სრულად აისახება, თურქულ ლირას დიდი დარტყმა ელოდება. ეს კი ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედებს. რაც შეეხება რუსეთს, ელოდებიან, რომ ნავთობის ფასი 30 დოლარის გარშემო იტრიალებს მთელი წლის განმავლობაში და რუსეთშიც კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ამით ჩვენ მოგვაკლდება არა მხოლოდ ექსპორტიდან შემოსავალი, არამედ კიდევ უფრო შემცირდება ფულადი გზავნილებიც. ქვეყნის შიგნით არის საარჩევნო სიტუაცია, ქვეყნის გარეთ კი პრობლემებია და შედეგად 2016 წელს არცთუ მაღალი - 2,6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ვფიქრობ, ლარის კურსი 2016 წლის ბოლომდე შენარჩუნდება 2,40-იან ნიშნულზე. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, შემიძლია გითხრათ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი არ შეიცვლება. ინვესტიციების მატებაც ნაკლებად მოსალოდნელია და ის სავარაუდოდ 1,5 მილიარდს არ გადააჭარბებს. ერთადერთი, კაპიტალის გატანა შემცირდება, რადგან აგვისტოდან მოყოლებული, საქართველოდან საკმაოდ დიდი კაპიტალი უკვე გავიდა".

"რეგიონში ყველაზე კარგი სასტარტო პირობები გვაქვს"

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "2016 წელს შესაძლოა გარკვეული თვალსაზრისით გარდამტეხი წელი იქნეს. ერთი მხრივ, გვაქვს გამოწვევები და პრობლემები, რაც 2015 წელს დაიწყო, მათ შორის რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი, აზერბაიჯანის მანათის მცურავ კურსზე გადასვლა, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება. მაგრამ ამავე დროს არის პოზიტიური მოლოდინიც, რომ სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, შეიძლება არა მხოლოდ დაიძლიოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედება, არამედ ერთგვარი გარღვევაც მოხდეს პოზიტიური მიმართულებით. მხედველობაში მაქვს კვირიკაშვილის გაპრემიერება და ის გამოსვლები, რომელიც წლის ბოლოს ჩვენ ვნახეთ. მკვეთრად გამოიკვეთა ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობის საკითხი, რაც ბუნებრივად ბადებს პოზიტიურ მოლოდინს 2016 წლისთვის და ქმნის იმედის საფუძველს, რომ პოლიტიკა სწორად დაიგეგმება და უფრო შედეგიანად მოხდება გამოწვევებთან გამკლავება.

უპირველესი გამოწვევები კი ლარის სიმყარე და ინფლაციის მეტ-ნაკლებად კონტროლირებად ჩარჩოებში მოქცევაა, აგრეთვე საბიუჯეტო პროცესის თანამიმ­დევრულად და სწორად წარმართვა. მთავარია, ხელისუფლება გახდეს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და პრიორიტეტების სწორად გამოკვეთის თვალსაზრისით. მეტი აქცენტები უნდა დაისვას ბიზნესის წამახალისებელ ინიექციებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაში მცირე ბიზნესის "სტარტაპების" დაფინანსებაზე, რათა თავად ბიზნესს გაუჩნდეს პოზიტიური მომავლის განცდა. მეორე მხრივ, თავად ეკონომიკური პროცესებიც, მაკროეკონომიკურ პარამეტრებში გამოხატული, შესაძლოა მეტ-ნაკლებად დავასტაბილუროთ. მართალია, რეგიონსა და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მძიმე ფონია, თუმცა სასტარტო პოზიცია მათთან შედარებით უკეთესი გვაქვს და ყველაფერი ხელისუფლების მარიფათზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად დაგეგმავს მუშაობას და ბიზნესთან ერთად პრობლემების მოგვარებას დაიწყებს".

ემა ტუხიაშვილი
წყარო: "კვირის პალიტრა"
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა.
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა.
მას შემდეგ, რაც ლარი საგრძნობლად გაუფასურდა, საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის გამყარების არაერთი მეთოდი გაჟღერდა. მათ შორის არის დოლარზე გადასვლის ვერსიაც.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული 1 136 961 ავტომანქანაა.
საქართველოს მოსახლეობის 80%-ს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება.
2016 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 647 117 ერთეული შეადგინა.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ კომპანიებს საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
20.01.2017
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა.
სრულად
19.01.2017
გასულ წელს საქართველოს გავლით დაახლოებით 850 მილიონი კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722