„წლის მთავარი გამოწვევა ფასების ზრდა იქნება“

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

სექტემბერში 2016 წლის ფინანსური დოკუმენტი სწორედ ამ მაჩვენებელზე დაიგეგმა და 9 მილიარდ 9 მილიონი ლარით განისაზღვრა. ,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია 2016 წლის რეალური ეკონომიკური პროგნოზი და რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს ლარის კურსთან, ინვესტიციების რაოდენობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მომავალი წლისთვის დაბალი ეკონომიკური ზრდა იქნება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ 3%-იანი წლიური ზრდა მიღწევადია. მისი აზრით, ლარზე განსაკუთრებული საგარეო ზეწოლის ნიშნები არ ჩანს.

„შეიძლება ითქვას, ლარი დღეს წონასწორობაშია და ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ წონასწორობის მოშლა, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მთავარი მაკროეკონომიკური არასტაბილურობის წყაროა, თავისი მრავალმხრივი, დაუბალანსებელი და არარაციონალური ხარჯებით“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ეკონომისტი მომავალი წლის მთავარ გამოწვევად ფასების ზრდას მიიჩნევს და ინფლაციის სავარაუდო, 7%-იან მაჩვენებელს ასახელებს. რაც შეეხება ინვესტიციებს, ფიქრობს, რომ ამ კუთხით რამდენიმე მიმართულებით შეიძლება გვქონდეს პოზიტიური მოლოდინები.

„ამ სამი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგები ენერგეტიკაში იყო. იმ მრავალი შეცდომის გამო, რაც მთავრობას ჰქონდა, ამ მნიშვნელოვან სექტორს დაეკარგა მომხიბვლელობა უცხოელი ინვესტორების თვალში. წელს, ალბათ ენერგეტიკის სექტორი უფრო გამოცოცხლდება და დაწყებული პროექტები დასრულდება. რეზონანსული იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დამთავრება, რის შედეგადაც საქართველოს გავლით პირველი ტვირთები თურქეთში, იქიდან კი სამომავლოდ, ალბათ, ევროპაში გაივლის. ეს იქნება ყველაზე დიდი რეგიონალური პროექტი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მისი ვარაუდით, ასევე მნიშვნელოვნად გააქტიურდება ,,შაჰდენიზ 2-ის” სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე, რაც სექტორში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლის წყარო იქნება. გოცირიძე ფიქრობს, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შედეგად, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი ნელ-ნელა შეეჩვევა უცხოელი პარტნიორის მოძიებას. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე, ზაფხულზე ტურისტული სეზონის გააქტიურებასაც უნდა ველოდეთ.

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ყველაზე დიდი, მილიარდზე მეტი რაოდენობის ინვესტიცია მიუთითებს იმაზე, რომ 2016 წლისათვის საინვესტიციო აქტივობას უნდა ველოდეთ, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისე ვალუტის გამყარებაზე. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის სამპროცენტიანი მაჩვენებელი შეიძლება გადაიხედოს. დუნდუას აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამომჯობინებას იწყებს ადგილობრივი წარმოების ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც განსაკუთრებით გაზრდილია ევროკავშირის მიმართულებით.

,,ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი მწარმოებლები ევროპის ბაზარზე გადაწყობას წარმატებით ახერხებენ, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ვიზალიბერალიზაციის პროცესი 2016 წლისთვის ევროპელ პარტნიორებთან ინდივიდუალურ დონეზე ბევრი ბიზნეს კონტაქტის დამყარების საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება რისკებს ლარის კურსთან დაკავშირებით, დღეისათვის დაფიქსირებული სიტუაცია, რომელიც აზერბაიჯანული მანათის მყისიერ გაუფასურებას უკავშირდება და ნავთობის ფასების მინიმუმის დონემდე შემცირება, საგარეო შოკების გაძლიერებაზე მიუთითებს. ეს ყოველივე კურსზე უარყოფით გავლენას მოახდენს, თუმცა პოზიტიურმა ეკონომიკურმა შედეგებმა, პროცესი შესაძლოა შეაკავოს“, -აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, უნდა შეიზღუდოს სამომხმარებლო სესხების რაოდენობა, რომელიც მისი აზრით ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან გაზრდილია.

,,თუ ეროვნული ბანკი სწორ პოლიტიკას შეიმუშავებს და აქცენტს სამომხმარებლო სესხებიდან საწარმოო და ბიზნესის დაკრედიტებაზე გადაიტანს, ბუნებრივია ეს კეთილსაიმედოდ აისახება ლარის კურსზე”, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 10 ათას დოლარს გადააჭარბებს.

,,თუ წელს ჩვენ კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 66-ე ადგილზე ვიყავით, მომავალ წელს შეიძლება დაახლოებით 7 საფეხურით დავწინაურდეთ და საუკეთესო 60 კონკურენტუნარიან ქვეყანას შორის აღმოვჩნდეთ. ეს კი ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას გააძლიერებს”, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

სოსო არჩვაძის აზრით, 2016 წლის ეკონომიკური მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის პოლიტიკურზეც იქნება დამოკიდებული.

,,მთავარი არის ის, რომ ეკონომიკა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად ხდება პოლიტიკური პროცესების მძევალი, რადგან მის განვითარებაზე პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ მხოლოდ შიდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მზაობაზე არაა დამოკიდებული ბევრი რამ. 2016 წელს, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ისეთი ცუდი მდგომარეობაა, მართალია ეკონომიკური ზრდის ტემპი არ არის მაღალი და 4%-ზე ნაკლებია, მაგრამ ბევრ ქვეყანაში შეინიშნება რეცესია და ამ ფონზე ის, რომ ჩვენ უფრო დაბალი ტემპი არა გვაქვს, გარკვეულ პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ”, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად არასაკმარისია და სახელმწიფომ უფრო მეტი ცვლილება უნდა შეიტანოს უცხოელი ინვესტორების დაინტერესების სტრატეგიაში. დაწყებული საგადასახადო სისტემაში შესაბამისი ცვლილებებით, დამთავრებული სხვა შეღავათებითა და ბიუროკრატიული პროცესების მაქსიმალურად გამარტივებით.

სოსო არჩვაძის განცხადებით, ინვესტიციები რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული ამოცანები და გარემო, რომელიც საინტერესო უნდა იყოს უცხოელთათვის.

არჩვაძე ლარის კურსთან დაკავშირებით, წინასწარი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ,,უმადური საქმეა მანდ პროგნოზის გაკეთება. ლარის კურსის სიმყარეს გვპირდება ეროვნული ბანკი. თუ ენერგომატარებლებზე ფასების დონე იქნება შენარჩუნებული, თუ წარმატებით გაგრძელდება პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში,” რომელიც ქართული პროდუქციის რეალიზაციისა და შესაბამისად, სავალუტო სახსრების რეზერვების დაზოგვის საშუალებას მოგვცემს, ეს პროცესები ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას და ვფიქრობ, ვითარება ისე დრამატულად აღარ განვითარდება, როგორც გასული წლის პირველ ნახევარში იყო“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ქრისტინე გამთენაძე