"საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება ”სოკარის” მიერ აღებულ ვალდებულებაზე არ აისახება"

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”სოკარი” საქართველოში გაზზე მზარდ მოთხოვნას ითვალისწინებს და მზად არის, სრულად უზრუნველყოს ეს მოთხოვნა.

ამის შესახებ ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო ”ტრენდთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება ”სოკარის” მიერ აღებულ ვალდებულებაზე არ აისახება.

”ამ მოლაპარაკებების წარმოების მიზეზებზე, უმჯობესია, ქართულ მხარეს გაესაუბროთ. რას შეეხება ”სოკარს”, ჩვენ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები გვაქვს, რომელსაც მომავალში სრული მოცულობით შევასრულებთ”, - განაცხადა მამედოვმა.

"სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შეფასებით, საქართველოში გაზის დამატებითი მოცულობის ექსპორტის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს.

”ქართული ბაზარი წელიწადში მხოლოდ 8-10 %-ით იზრდება და ”სოკარი” ამ ზრდას ითვალისწინებს. თუ კომერციულ ბაზარზე გაზის ნაკლებობა შეიქმნება, აზერბაიჯანს ამ მოცულობის მიწოდება შეუძლია. ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან კონტაქტი ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს”, - განაცხადა მამედოვმა.

სააგენტო ”ტრენდი” ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გაზის მიწოდების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.