რისთვის არის საჭირო ბიუჯეტის კორექტირება?

საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე ალაპარაკდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. "საგადასახადო რეფორმის ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის", - აცხადებს პრემიერი. მისი თქმით, ცვლილება ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს.

ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმაც. ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული. მინისტრი აღნიშნავს, რომ ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის გამო სამთავრობო უწყებებთან და ბიზნესწრეებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კანონპროექტი საქართველოს მთავრობას და შემდეგ პარლამენტს თებერვლის პირველ ნახევარში წარედგინება.

"ამის შემდეგ მოხდება ბიუჯეტის გადახედვა, თუმცა დღეს მოცულობებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი დიზაინის იქნება საბოლოო ჯამში, საქართველოს ახალი საგადასახადო კანონმდებლობა და როდიდან შევა ძალაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, რატომ არის საჭირო ბიუჯეტის კორექტირება, უნდა განვიხილოთ განსხვავება დღეს არსებულ მოდელსა და ესტონურ მოდელს შორის: ესტონური მოდელის არსი ის არის, რომ კომპანია იბეგრება მაშინ, როდესაც მისი მოგება კომპანიიდან გადის, მაგრამ თუ ეს მოგება კომპანიაში რჩება, მაშინ კომპანია მოგების გადასახადს არ გადაიხდის ანუ თანხა, რომლის დაგროვებაც კომპანიამ მოახერხა, უნდა დარჩეს კომპანიაში. ამ ახალი მოდელით ბიზნესს უჩნდება მოტივაცია, რომ ეს თანხა ბიზნესის გაფართოებისთვის გამოიყენოს. ესტონური მოდელის მომხრეთა აზრით, ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ მოდელს აქვს, ის არის, რომ თავდაპირველად ბიუჯეტს 300-400 მილიონი ლარი მოაკლდება. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის კორექტირება სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად არის საჭირო.

პაატა კვიჟინაძე: „ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ბიუჯეტი ვერ სრულდება, ბიუჯეტი ნორმალურად სრულდება, მაგრამ მთავრობას შემოაქვს მოგების გადასახადის ახალი მოდელი. მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარამდე თანხა შემოდის. თუ ეს გადასახადი გაუქმდება, მაშინ აღნიშნული თანხის საკომპენსაციოდ რაღაც სახსრები უნდა გამოიძებნოს, ან ბიუჯეტი შემცირდეს. მთავრობამ ეს უკანასკნელი გზა აირჩია. კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება შეკვეცა, ამაზეც მთავრობა მუშაობს. თუ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მოგების გადასახადის ახალ მოდელს შემოვიღებთ, როგორიც მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაში - ესტონეთშია, ბიუჯეტში ეს მილიარდი ლარი ვერ შემოვა, მაშინ ხარჯებიც შესამცირებელი იქნება. რაღაც გათვლებით ლაპარაკია 300 მილიონზე, 400-ზეც, ბოლოს 500 მილიონიც დასახელდა. ზუსტად ძნელია განსაზღვრა, მაგრამ ეს თანხა დარჩებათ მეწარმეებს და ეს ფული მათი ბიზნესის განვითარების წყარო გახდება ანუ ინვესტიციებში წავა, რაც ეკონომიკისთვის ძალიან კარგი სტიმული იქნება. იშვიათად მეგულება მთავრობა, რომელიც ასეთ თამამ გადაწყვეტილებას მიიღებდა: 2016 საარჩევნო წელია. არჩევნებისთვის უფრო სასარგებლო იქნება რაღაც ავაშენოთ, წყალი გავიყვანოთ და ა.შ... ხალხი ამით უფრო კმაყოფილი იქნება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დღევანდელ დღეზე გათვლილი გადაწყვეტილება, ის ხვალინდელ დღეზეა გათვლილი", - აღნიშნავს პაატა კვიჟინაძე.

მისი თქმით, პარლამენტში ახალ მოდელს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

"ჩვენი ქვეყნის პარლამენტში მემერცხენეებიც არიან და მემარჯვენეებიც. მე თუ მკითხავთ, ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ თუ გვინდა ეკონომიკა გაჯანსაღდეს, გადასახადები უნდა შევამციროთ", - ამბობს პარლამენტარი.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ზურაბ მელიქიშვილი კი მიიჩნევს, რომ დაკლებული თანხის კომპენსირება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან უნდა მოხდეს.

„ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ გეგმა, რომელიც გადასახადების განაკვეთების შემცირებას, მოგების გადასახადის გაუქმებას და უაზრო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს. მე არ ვიცი როგორ აპირებენ ბიუჯეტის გადახედვას, მაგრამ თუ მოგების გადასახადი გაუქმდება, ბუნებრივია, თანხა ხარჯვით ნაწილს უნდა მოაკლდეს, ან ვალის აღება მოუწევთ, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ეკონომიკას და პირველ რიგში ჩვენს ეროვნულ ვალუტას. მიუხედავად ე.წ. ქამრების შემოჭერისა, რამდენიმე თვე მუშაობდნენ და ბიუჯეტი თითზე ჩამოსათვლელი მილიონებით შეამცირეს. ხარჯების შემცირების დიდი იმედი ახლაც არა გვაქვს, არადა, ბიუჯეტში არის ძალიან ბევრი უაზრო ხარჯი. მაგალითად, რა საჭიროა ეკონომიკური საბჭო, რომლის შენახვაც წელიწადში დაახლოებით მილიონი ლარი გვიჯდება? ამგვარი ხარჯი კიდევ ბევრია. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები გვესმის, მათ არა აქვთ გეგმა, თუ სად რა უნდა შეამცირონ. ისე, კარგია, თუ მიხვდნენ, რომ ხარჯები უნდა შეამცირონ და არა - დამატებითი ვალი აიღონ. სულ მალე ვნახავთ, რა ხარჯებს მიადგებიან შესაკვეცად", - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.

ამ საკითხის შეფასება ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძესაც ვთხოვეთ: „ჯერ უნდა ვიცოდეთ ბიუჯეტი რამდენს დაკარგავს ცვლილების შედეგად. არ ვიცი, ალბათ ფინანსთა სამინისტროს რაღაც მონაცემები აქვს და პროგნოზს ასე აკეთებს. დღეს ბიუჯეტში უკვე აღარ არსებობს ცნება "დაცული მუხლები". ამიტომ, ჩემი აზრით, უმჯობესია ყველა უწყებას თანაბრად მოაკლდეს თანხა კაპიტალური ხარჯებიდან. მე მაგალითად, პრემიების, დანამატებისა და მატერიალური წახალისების ფონდს მოვაკლებდი... საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: ახალ მოდელზე გადასვლა შეეხება თუ არა კომერციულ ბანკებს? თუ შეეხება, მაშინ ჩვენს ქვეყანაში საბანკო ოაზისი შეიქმნება, რადგან ძირითადად, ქონების გადასახადის გადამხდელები საფინანსო ინსტიტუტები არიან. 400 და 500 მილიონი სოლიდური თანხაა და ამ დანაკლისის გამო ბიუჯეტს სერიოზული კორექცია დასჭირდება. რაც შეეხება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს, ჩვენ მათი გამოცდილება ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ. ამ მოდელის მიხედვით, გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება, იბეგრება მოგება, რომელიც დამფუძნებლებს შორის ნაწილდება. საკითხავია - ეს იქნება თუ არა საკმარისი პირობა, რომ ბიზნესმა დივიდენდებზე უარი თქვას? -  ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ბევრი საკითხია შესასწავლი და გამოსაკვლევი“, - განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე