აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება?! - რას ამბობს "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი

"ენგურჰესის" წყალსაცავში, წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა რომ ემუქრებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ლაპარაკი. მაშინ აფხაზური მედია გამოსავლის ძიებაში იყო და ადგილობრივ ხელმძღვანელობას კრიტიკულად მიუთითებდა 90-იან წლებზე, როდესაც საომარი მოქმედებების მიუხედავად, რეგიონში დენის მიწოდება არ შეწყვეტილა. 25 იანვრიდან კი აფხაზეთს დენი გრაფიკით მიეწოდება, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

"ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლების განცხადებით, ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ დონემდე შემცირდა და მოსახლეობას დენის გრაფიკით სარგებლობა 15 აპრილამდე მოუწევს.

თუმცა, სპეციალისტები იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ბოლო ერთი წელია, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, აფხაზეთს ამ მიმართულებით გარკვეული წინადადება შესთავაზოს, თუმცა, კონკრეტულად რა, ამაზე უნდა შეჯერდნენ.

"ენგურჰესის"გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, სულ რაღაც ორ წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს. დაახლოებით იგივე პროგნოზს აკეთებს ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის ელექტრომომარაგების პრობლემა, წესით, გაზაფხულზე გამოსწორდება... მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რევაზ არველაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ "ენგურჰესის"წყალსაცავი ნამდვილად დაცლის პირასაა, ყველაზე რეალურია, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან მიიღოს ელექტროენერგია.

ლევან მებონია, "ენგურჰესის"გენერალური დირექტორი:

- "ჩერნომორენერგომ" აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი 25 იანვრიდან დააწესა, რაც ორი მიზეზითაა განპირობებული: ჯერ ერთი, ბოლო დროს, აფხაზეთმა ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა. მეორეც, ამას გვალვიანი წელიც დამეტა, ანუ ნალექი, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ბოლო 35 წლის განმალობაში, "ენგურჰესის" ექსპლუატაციიდან, 2015 წელს საშუალოდ წლიური ხარჯი ივნის-ივლისს-აგვისტოში დაახლოებით 30%-ით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლებში. ამიტომ, წყალსაცავი ვერ შეივსო საჭირო რაოდენობით, მაგრამ აქ მაინც მთავარი ფაქტორი ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა. თუ ეს ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდება და კონტროლს არ დაექვემდებარება, მომავალ წლებში ენგური კი არა, მეორე ელექტროსადგურიც რომ აშენდეს, აფხაზეთს მაინც არ ეყოფა...

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- აქ გამოსავალი არის ერთადერთი - ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა გამრიცხველიანების ხარჯზე და აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება. ამ საკითხზე უკვე გვქონდათ ლაპარაკი აფხაზურ მხარესთან. "ჩერნომორენგოს" ხელმძღვანელობაც ხედავს შექმნილ პროლემებს და ცდილობენ გამოსავლის მოძებნას, თუმცა, გამრიცხველიანებას საკმაოდ დიდი თანხები და დრო სჭირდება...

- ვიცით, რომ ეს ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ. საინტერესოა, როგორ ხდება თქვენს შორის თანამშრომლობა?

- ჩვენსა და აფხაზებს შორის ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობაა. მთავარია, ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას, ამის ღირებულებაც გადაიხადოს. ამ დროისთვის ისინი არაფერს იხდიან და თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვხდებით, ავიღოთ მოკლევადიანი სესხები ჩვენი საექსპლუატაციო ხარჯებისთვის, რასაც ზაფხულის შემოსავლების ხარჯზე ვფარავთ, თუმცა აფხაზეთიდან ელექტროენერგიის რაოდენობის გაზრდის საჭიროებამ საფიქრალი გაგვიჩინა...

აშკარაა, რომ საფიქრალი გაუჩნდა აფხაზური მხარის ხელმძღვანელობას, რომელსაც მოსახლეობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. აფხაზეთში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაჯიმბას გუნდი გამრიცხველიანების თანხების მოძიების შესახებ ალაპარაკდა, რაც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, - ელექტრონერგიის რუსეთიდან ექსპორტი, თუმცა ამას აფხაზები ყველაზე ბოლოს განიხილავენ, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლების მიმართ უკვე ისედაც საკმაოდ ბევრი კითხვა დაუგროვდა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში...

ლალი პაპასკირი

წყარო: "კვირის პალიტრა"