რატომ ვერ სახლდებიან რუსები აფხაზეთში

„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი ნიკოლაი ვარსეგოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ახრა არისთავასთან ინტერვიუ ჩაწერა. რუსი ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, რატომ არ აძლევენ აფხაზები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებელი სახლების შეძენის უფლებას.

- თქვენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, რამდენი გაქვთ ხელფასი?

- 9 000 რუბლი, მინისტრს ოდნავ მეტი. აკადემიკოსები 10 000-ს იღებენ, მსახიობი - 3 000-ს, დამლაგებელი 5 000-ს. მაგალითად, მე საკუთარი ბინა არ მაქვს და მშობლების სახლში ვცხოვრობ. ჩემსავით აფხაზეთში 95% ცხოვრობს. საშუალო და შედარებით მდიდარი კლასი დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

მაგალითად, მივეცით უცხოელებს აქ სახლების შეძენის უფლება. რუსეთში გასულ წელს საშუალო ხელფასი 45 000 რუბლი იყო, რაც ნიშნავს, რომ რუსები თავისუფლად შეძლებენ აქ ბინების შეძენას, ჩვენს მოქალაქეებს კი შეშურდებათ.. ეს ანტირუსულ განწყობებს შექმნის.

რუსებისთვის თუ გაიხსნა საცხოვრებელი ბინების ბაზარი, ჩვენთვის ის საერთოდ დაიკეტება, ეს კი კატასტროფა იქნება. აქ ახალგაზრდა ოჯახები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და ამ ნიადაგზე განქორწინებების უზარმაზარი რაოდენობაა.

- გუშინ ვესაუბრე რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელს იური აიკინს. ის ამბობს, რომ აფხაზებს შეუძლიათ მიიღონ ყველასთვის მომგებიანი კანონი. მაგალითად, მისცენ უფლება რუსულ კომპანიას, გაგრაში რუსებისთვის საცხოვრებელი სახლი ააშენონ, მაგრამ ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, ბინების გარკვეული ნაწილი აფხაზებს გადასცეს.

- ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, პარლამენტი და ფიქრობენ ამ თემაზე. ახლა მთავარია შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი რუსულ დონემდე. აი, მაშინ უკვე შევძლებთ ამაზე საუბარს.

- აფხაზეთში უამრავი უმუშევარი ახალგაზრდაა, ამასთანავე ბევრი მიწა აუთვისებელია, მილიონობით რუბლის მოსავალი იკარგება იმის გამო, რომ მიწას ვერ ამუშავებენ. რა უშლის ხელს სამუშაო ადგილების შექმნას?

- სამწუხაროდ, ჩვენ საბაზრო ეკონომიკას მორგებული ახალი კანონები არ გვაქვს. არ გვყოფნის სპეციალისტები, რომ კანონები შეიმუშავონ, ამიტომ უცხოელები აქ ფულის დაბანდებას არ ჩქარობენ. მსოფლიოში 2 000 მდიდარი აფხაზია, რომლებსაც მილიონ დოლარამდე და მეტი აქვთ. მაგრამ ვერც ისინი ვერ ხედავენ აქ ფულის დაბანდების პირობებს.

- თქვენ თუ არ გყოფნით კანონმდებლები, აიღეთ რუსული კანონები და გამოიყენეთ.

- რუსეთის ფედერაცია უზარმაზარი ქვეყანაა, მისი კანონები პატარა სუბტროპიკულ აფხაზეთს არ გამოადგება.

- რუსი ბიზნესმენი თუ ჩამოვიდა აქ რამის ასაშენებლად, რა რისკები ელოდება?

- ჩვენ არ გვაქვს კანონი, რომელიც დაავალდებულებდა ჩინოვნიკებს, საქმე დროულად მოეგვარებინა. მაგალითად, უცხოეთიდან ჩამოვიდნენ აფხაზი ბიზნესმენები, პლასტიკური ბოთლებისა და ქილების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა უნდოდათ. განაცხადები შეიტანეს. უარს არავინ ეუბნება, მაგრამ ყოველ ჯერზე პასუხობენ: ხვალ მოდით, ან ზეგ მოდით და ასე თვეები გრძელდება.

- ალბათ ფულის გამოძალვაც ხდება?

- ამის ნიადაგი არსებობს.. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სისტემა დროს ფეხს ვერ უწყობს.

- მგონი, აქაური ხალხი ჩინოვნიკებზე უფრო გაბოროტებულია ... შეხედეთ, როგორი მანქანებით დადიან და როგორ სახლებს იშენებენ..

- დიახ, ასეთი პრობლემა არსებობს. ჩვენთან საგადასახადო ინსპექტორს არა აქვს უფლება ჰკითხოს მოქალაქეს, რა თანხით იშენებს ასეთ მდიდრულ სახლს ან რა ფულით იყიდა ძვირადღირებული ჯიპი. მთავრობას ესმის, რომ არ არის ნორმალური, როცა ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არ ენდობა. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ ჩინოვნიკებს, არამედ ბიზნესმენებსაც. თუ ის 100 მილიონიან სახლს იშენებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადს 120 რუბლს იხდის, ეს ნორმალურია? ამიტომ ჩვენი პრეზიდენტი პრიორიტეტულად ასახელებს საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონის რეფორმირებას.

- მაგრამ აფხაზეთში ბიზნესი ხომ მაინც მუშაობს.. რუსეთიც აგზავნის აქ ბევრ ფულს. რაზე იხარჯება ეს თანხები?

- წელს აფხაზეთმა რუსეთიდან 7 მილიარდ 700 მილიონი მიიღო სკოლებზე, საავადმყოფოებზე, გზებზე.. და კრედიტის სახით მილიარდ 200 მილიონი ბიზნესპროექტებზე..

- მილიარდ 200 მილიონი რაზე დაიხარჯება?

- ყველას, მათ შორის რუსებს, უფლება აქვთ, საპროექტო განაცხადი შეიტანონ. ერთადერთი პირობაა, ის აფხაზეთში იურიდიული პირის სტატუსით უნდა იყოს დარეგისტრირებული.