საპენსიო რევოლუცია - ვის რამდენი შეხვდება?!

საპენსიო რეფორმის მოდელი უკვე ცნობილია - 2018 წლიდან დაგროვებითი სისტემა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გარკვეულია ისიც, რომ საბაზისო პენსია ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების ინფლაციის მაჩვენებელს, გამოდის, რომ პენსიაზე დანამატი ყოველწლიურად მხოლოდ 5-7 ლარის ფარგლებში იქნება.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა პენსიონერების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სისტემა არ გაამართლებს. მეტიც, ისინი მთავრობას "სხვისი ფულის განკარგვისგან" თავის შეკავებას ურჩევენ.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პრინციპი შემდეგია - სისტემაში მონაწილეობის მსურველი დაქირავებით დასაქმებული კონტრიბუციის სახით გაიღებს ხელფასის 2%-ს, დანარჩენ 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო გადაიხდის. მოქალაქეები ამ თანხის გამოყენებას საპენსიო ასაკის შემდეგ შეძლებენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

"მთლიანი შენატანი 6% იქნება. ეს თანხა არ დაიბეგრება. შემდეგ ამ თანხის ინვესტირება ეკონომიკაში მოხდება. მათ დაერიცხება მოგება, გაიზრდება ყოველთვიურად, ყოველწლიურად. მოქალაქე თანხას გამოიყენებს, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს", - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ დამსაქმებლებთან კომუნიკაცია შედგება და ეს მათ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის: "ვფიქრობ, ეს არ არის ხარჯი, არამედ ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის დამატებითი კომპონენტების დაწესება. სახელმწიფოს 2%-იანი თანამონაწილეობა არის მცირე, არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი და აქედან გამომდინარე, მას ტვირთად არ დააწვება", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

რაც შეეხება არსებულ პენსიონერებს, მათი თანხა ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს.

"აღნიშნული რეფორმა შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ერთი ეხება ახლანდელ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ. ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას. ჩვენი კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი და პენსია ყოველწლიურად მინიმუმ მოიმატებს ინფლაციის დონესთან ერთად. დღეს პენსიონერი, პრაქტიკულად, დაუცველია ინფლაციური მოვლენებისგან. არ არსებობს რეალურად ის მეთოდი, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება", - აღნიშნა ძიძიკაშვილმა.

მისი განმარტებით, მინიმალური მატება უნდა უტოლდებოდეს ინფლაციას, თუმცა ზოგჯერ შეიძლება, კოეფიციენტის შემუშავებაც გახდეს საჭირო.

"მინიმუმ, ინფლაციასთან იქნება ინდექსაცია. როდესაც ფასების ზრდა იქნება მაღალი ქვეყანაში, იმ წელს პროცენტულად გაცილებით მეტი მიეცემა პენსიონერს, იმ შემთხვევაში, როცა იქნება მოკრძალებული ეკონომიკური ზრდა, მაშინ მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება პენსია", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

როგორც აღვნიშნეთ, მეორე კომპონენტი ეხება მომავალი თაობის პენსიონერებს, რაც მდგომარეობს კერძო დაგროვებითი მოდელის დანერგვაში. მსგავსი აპრობირებული მოდელი ბევრ ქვეყანაში მუშაობს.

"ვფიქრობთ, საქართველო განვითარების იმ ეტაპზე იმყოფება, სადაც მნიშვნელოვანია ასეთი სისტემის არსებობა. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფრო მაღალი საპენსიო შემოსავალი და ისინი დამოკიდებულნი არ უნდა იყვნენ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოციალურ პენსიაზე. მოქალაქეს შეეძლება დამოუკიდებლად დაგეგმოს თავისი საპენსიო ცხოვრება. ზუსტად ამას სთავაზობს ჩვენი მოდელი", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2014 წლის ოქტომბრიდან მოხდება. ფონდში შეტანილი თანხა, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, 100%-ით მის მემკვიდრეს გადაეცემა.

"ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, ეს თანხა 100%-ით მემკვიდრეს გადაეცემა. ასევე იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომ მოქალაქემ საპენსიო ასაკამდე მიღწევამდე გამოიტანოს თანხა. ზოგადად მიზანი ერთია, რომ რაც შეიძლება მეტი ხანი განახორციელოს შენატანი, მეტი დაუგროვდეს და მეტი სარგებელი მიიღოს გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

მთავრობაში ამბობენ, რომ სისტემა საკმაოდ დაცული მექანიზმია. ფონდის მართვას განახორციელებს კერძო სექტორი, მის მართვაში სახელმწიფო არ და ვერ ჩაერთვება. მეორე მხრივ, ამ ფონდის მართვასა და საინვესტიციო პოლიტიკას, ანუ რისკ პარამეტრებს განსაზღვრავს სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანო, მოხდება ინვესტირების პროცესის ზედამხედველობა, მონიტორინგი, რადგან ეს პროცესი წარიმართოს გაწერილი კრიტერიუმებით.

"ეს არის საკმაოდ დაცული სისტემა. გაკოტრების და თანხის დაკარგვის რისკი არ არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ინფლაციური მოვლენები, თუმცა ამაზეც ექნება ფონდს დაცვის მექანიზმი და რეალურად მოქალაქეს თანხის გაუფასურების საფრთხე არ დაუდგება", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სკეპტიკურად უყურებს და ამის მიზეზად წინა გამოცდილებას ასახელებს.

"ახალ საპენსიო სისტემას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ის ვიცი, რომ სერიოზული სამუშაო ჩატარებული არ არის. ამას 2-3-წლიანი მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება. არ გამიგია, რომ ასეთი ფუნდამენტური სამუშაო ჩატარებულიყო. საპენსიო რეფორმაზე საუბარი ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.

რაც შეეხება ინფლაციის შესაბამისად პენსიის ზრდას, ზოგადად პენსიებისა და გასაცემლების ინდექსაცია კეთილშობილური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაშინ ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ როდის და რა მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ინდექსაცია. სხვა საკითხია, ამ ყველაფერს საბიუჯეტო შემოსულობები რამდენად გაწვდება. მოკლედ, ბოლოს ისევ იქ მივდივართ, ეკონომიკის რეალური სექტორი რამდენად ვითარდება", - განაცხადა კაპანაძემ.

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე კი დაგროვებით საპენსიო სისტემას უარყოფითად აფასებს. "კარგი იქნება, თუ სხვისი ფულის "უკეთესად" განაწილებას თავს დაანებებენ, არაა საჭირო შუამავლის პოზიციაში ყოფნა. კარგი იქნება, თუ გააუქმებენ საშემოსავლო გადასახადს და ყველა საკუთარ ფულს თავად მიხედავს. ეს არ არის რეფორმა, ეს არის ახალი ბიუროკრატიული სქემა", - განუცხადა "რეზონანსს" შეშელიძემ.

რაც შეეხება ინფლაციის პირობებში პენსიის ზრდას, შეშელიძე კითხულობს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დეფლაცია დაფიქსირდება?

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"