გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბელორუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი 2006 წელს შეიქმნა და დღემდე, 25 ათასზე მეტი კომპანია ჰყავს დარეგისტრირებული.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი ტექნოლოგიების პარკში განუცხადეს, 2006 წლიდან დღემდე 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი, 2006 წლიდან დღემდე 32-ჯერ გაიზარდა და 705,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის, Microsoft, Google, Facebook-ი.

"მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიზანია, დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს და ასწავლოს მათ, როგორ მიაღწიონ წარმატებას. ბელორუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ", - ნათქვამია განცხადებაში.