მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,4 % იქნება, ნაცვლად იანვარში ნავარაუდევი 2,9%-სა.
„გლობალური ეკონომიკა მყიფეა, ზრდა - სუსტი. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში არ არის. ეკონომიკური გაჯანსაღება გრძელდება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა აიჰან კოუზმა.
ბანკის პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიო მშპ 2,8%-მდე გაიზრდება, 2018 წელს კი 3%-ით.
ამასთან ერთად, მსოფლიო ბანკმა უცვლელი დატოვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. იანვრის ანგარიშის მსგავსად, ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკი 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, 2017 წელს - 4,5%-ს, 2018 წელს კი 5%-ს.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2016 წელს 6,7%-ს მიაღწევს, აშშ-ის ზრდის მაჩვენებელი 1,7% იქნება, ევროზონის კი 1,6%.