"მას შემდეგ, რაც ბოლოს თქვენთან გავსინჯე ხაჭაპური და მშვენიერი ღვინო დავაგემოვნე, მიკვირს, რომ აქამდე არ ჩამოვედი..." - ჯონ კერი

პრეზიდენტ ბარაქ ობამას მესიჯია, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უჭერს მხარს.

აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში, თბილისში და პირველი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რანგში. მას შემდეგ, რაც ბოლოს თქვენთან გავსინჯე ხაჭაპური და მშვენიერი ღვინო დავაგემოვნე, მიკვირს, რომ აქამდე არ ჩამოვედი...

საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი. აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას მესიჯით - აშშ ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება და ეს ორმხრივი პროცესია“, - განაცხადა კერიმ და ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.