ჩუმათელეთის 52-კილომეტრიანი გზის ფარგლებში 40-მდე გვირაბი და 100-მდე ხიდი აშენდება.
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის პროექტირება იწყება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცახადა.
”რიკოთის უღელტეხილთან მისასვლელი გზის პირველი ნაწილთან დაკავშირებით (ზემო ოსიაური, ჩუმათელეთი) უკვე მიმდინარეობს ტენდერი მშენებლის გამოსავლენად. ჩუმათელეთი - არგვეთა, 40 კილომეტრიანი მონაკვეთი, გამზადებულია უკვე იმისთვის, რომ დაიწყოს პროექტირება, როგორც კი საპროექტო კომპანიის შესარჩევი ტენდერი დასრულდება”, - აღნიშნა გიორგი სეთურიძემ და დასძინა, რომ ჩუმათელეთის 52-კილომეტრიანი გზის ფარგლებში 40-მდე გვირაბი და 100-მდე ხიდი აშენდება.
მისივე თქმით, რიკოთის პროექტი ევროპაში ყველაზე რთული საგზაო პროექტია. ამიტომ აღნიშნული გზის პროექტირებაზე მსოფლიოში წამყვანი კომპანია იმუშავებს.
”რიკოთის გზის პროექტი დღეს ევროპაში ყველაზე რთული საგზაო პროექტია ამიტომ, კომპანიები, რომლებიც მოკლე სატენდერო სიაში არიან, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები არიან. ერთერთი მათგანი გააკეთებს პროექტირებას”, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
რიკოთის გზის პროექტირების ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ მიუხედავად განსაკუთრებული სირთულისა, ერთ წელიწადში რიკოთის გზის პროექტირება დასრულებული იქნება.
თამარ კორკოტაშვილი