"საქართველოში დღეს სურსათი უვნებელი არ არის"

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ქორწილში მოწამლულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 200-მდეა გაზრდილი.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სპეციალისტები მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო, სააგენტოს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.

,,აიღეს სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები. ამ დროისთვის ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე განცხადებით, სურსათის ლაბორატორიული კვლევისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდება და რეაგირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

საკვები პროდუქტებით მოსახლეობის ინტოქსიკაციის აღნიშნული ფაქტი, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული პირველი შემთხვევა არ არის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ „მომხმარებელი-ჯი“-ს პროგრამის ხელმძღვანელის, ლია თოდუას თქმით, საქართველოში სურსათის უვნებლობა უზრუნველყოფილი არაა.

,,მივდივართ იქითკენ, რომ ქვეყანაში ევროპული მიდგომები შემოვიღოთ და მივაღწიოთ სურსათის უვნებლობას, მაგრამ ამ შედეგამდე დაახლოებით ათი წლის გზა გვაქვს გასავლელი”, - აღნიშნავს თოდუა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა საქართველოში წვრილი წარმოებებია.

,,გლეხური წარმოება უკონტროლოა. ძალიან პატარა მასშტაბები არსებობს კონტროლისთვის. 100 ათასზე მეტი დარეგისტრირებული მეწარმედან, სააგენტო აკონტროლებს მაქსიმუმ 10 ათასს, ფაქტობრივად მეათედს. რაც მთავარია, მეწარმეებმა იციან, რომ სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა მოიცვას მთლიანი ბაზარი და მათთან შესვლის შანსი ძალიან მცირეა. სწორედ ამიტომ ისინი დიდად არ იცავენ წესებს”, - აღნიშნავს ლია თოდუა.

ლია თოდუას თქმით, მეწარმეებს არ აქვთ ელემენტარული ცოდნა, მათ არ იციან როგორ და რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ სურსათი უვნებელი იყოს. ხშირად არც აქვთ ამის შესაძლებლობა.

,,ახალი არ არის ის, რომ გლეხების წარმოებული ნედლეული კონტროლს გარეთ არის დარჩენილი. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ოდენობის პესტიციდები იხმარონ, ჰიგიენა არ დაიცვან, არავინ აკონტროლებს ამას. მიტოვებულია საკუთარი თავის ანაბარად. სისტემა სანამ არ იქნება აწყობილი ყანიდან ჩანგლამდე, მანამდე ნაკუწების მოწესრიგება სურსათის უვნებლობას არ უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ „მომხმარებელი-ჯი“-ს პროგრამის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სააგენტო შედარებით მსხვილი ობიექტების, რესტორნების, სკოლებისა და ბაღების კონტროლს ახერხებს, რაც მცირე ნაწილია სამომხმარებლო ბაზრის.

აქამდე ცალკეული შემთხვევები იყო, მაგრამ გვიმართლებდა იმაში, რომ სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. თუ ასე გადავრჩით, კარგი იქნება, მაგრამ ამის შანსი პატარაა. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში სურსათი უვნებელი არ არის”, - აცხადებს ლია თოდუა.

ქრისტინე გამთენაძე