ფინანსთა მინისტრი: გასულ წელს 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

2013 წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით, დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, უმუშევრობა მცირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით დაახლოებით, 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება. შესაბამისად, პროგნოზები უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანებს არ უნდა ასაქმებდეს, თუმცა ის, რომ ბიუჯეტში სახსრები იქნება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე ბანკებისთვის გათვალისწინებული 200 მილიონი, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, მას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ითვლის, თუმცა მინისტრი საარსებო მინიმუმში დიდ ცვლილებებს არ ელოდება.

გასული წლის ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში 2012 წელთან შედარებით 1,7 %-ით გაიზრდებოდა და 16,7 %-ს მიაღწევდა, ხოლო 2014 წელს კიდევ უფრო გაუარესდებოდა და 17,3%-მდე გაიზრდებოდა.

აღნიშნულმა ნეგატიურმა პროგნოზმა ნოდარ ხადური აღაშფოთა. მისი თქმით, სსფ-მა ”სრულიად წარმოუდგენელი პროგნოზი” დადო. ამის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა უმუშევრობის პროგნოზის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის კრიტიკა ნაწილობრივ გაიზიარა და მის დახვეწაზე მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.