ადრეული ქორწინება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს

გაერო-ს მონაცემებით, არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, 2030 წლისთვის მსოფლიოში გოგონების რაოდენობა, რომლებიც არასრულწლოვნები დაქორწინდნენ, მილიარდს მიაღწევს.

კვლევის თანახმად, ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგოები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახდენენ. ისინი განათლების მიღებას ვერ ახერხებენ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან, ხშირად ავადდებიან HIV/AIDS-ით და მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებლი ორსულობისა და მშობიარობის დროს.

„მეორე მხრივ, ადრეული ქორწინება ქვეყნის ეკონომიკასაც აზარალებს. ის სიღარიბის ერთ-ერთი წინაპირობაა“, - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გავრცელებულ სტატიაში.

თუმცა დღემდე მსოფლიოს 117 ქვეყანაში ადრეული ქორწინება კანონით დაშვებულია. Pew Research Center-მა აღნიშნული მონაცემები მსოფლიოს 198 ქვეყნის კანონმდებლობის შემოწმების შემდეგ გამოაქვეყნა. მსოფლიოს მხოლოდ ექვსი ქვეყანა არ განსაზღვრავს ქორწინების მინიმუმ ასაკს.

აღმოჩნდა, რომ შემოწმებული ქვეყნების ორი-მესამედი ბავშვების ქორწინებას არ კრძალავს. იმ ქვეყნების უმეტესობაში კი, სადაც მინიმალური წლოვანება 18 წელია, არსებობს გარკვეული გამონაკლისები. მაგალითად, ავსტრალიაში 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია, მაგრამ გამონაკლისის დაშვება შეიძლება თუ წყვილს მოსამართლის ნებართვა ექნება. ერაყში, იამაიკასა და ურუგვაიში კი ამისთვის მშობლების ნებართვაა საჭირო.

განსხვავებული ასაკი გოგონებისა და ბიჭებისთვის

38 ქვეყანაში ქალებისა და მამაკაცებისთვის განსხვავებული ასაკიდანაა დასაშვები კანონიერი ქორწინება. აღსანიშნავია, რომ გოგონებისთვის ყოველთვის უფრო დაბალია. ხშირად ასაკის განსაზღვრაზე გავლენას რელიგია ახდენს. მაგალითად, ბანგლადეშში ქალი უნდა იყოს 18 წლის, კაცი კი - 21-ის. სუდანში გოგოებს ქორწინება 10 წლიდან შეუძლიათ, ბიჭებს - 15-დან.

იგნორირებული კანონი

კანონის იგნორირება ხშირად ხდება. მაგალითად, ავღანეთში გოგონებისთვის კანონით მინიმალური ასაკი არის 16 წელი (15 წელი მშობლებისა და სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში) და ბიჭებისთვის - 18. თუმცა იქ ადრეული ქორწინება მაინც ძალიან გავრცელებულია. იგივე მდგომარეობაა ალბანეთშიც.

ორგანიზაცია Girls Not Brides-ის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში სამიდან ერთი გოგონა 18 წლამდე ასაკში ქორწინდება.