აიკრძალება თუ არა ოფშორები

მიმდინარე წლის 2-4 ნოემბერს, თბილისში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) "გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია" გაიმართა. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) "გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის" თავმჯდომარე კოსი ლოუმ მიმართა. ფორუმზე სიტყვით წარსდგა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

"ამ ტიპის ღონისძიებები ადასტურებს, რომ საქართველო არის რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, არამედ მისი მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. დღეს ჩვენ OECD-ის ფარგლებში ვატარებთ გლობალური ფორუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას საგადასახადო კუთხით.

პრაქტიკულად, ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის ძალიან მაღალი დონის დელეგაციაა ჩამოსული. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის მოვაწერეთ ხელი აშშ-სთან ამ მიმართულებით და ვმუშაობთ იმისათვის, რათა ჩვენი საგადასახადო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რომელიც აქვთ დღეს წამყვან ქვეყნებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გლობალური ფორუმის პლენარული სესიის საქართველოში ჩატარება, იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში განახორციელა.

ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, გააუმჯობესოს საგადასახადო სისტემა, გახადოს იგი უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული და მარტივად ადმინისტრირებადი. ამ მიმართულებით, საგადასახადო უწყება მუდმივად ახორციელებს ახალ რეფორმებს. მხოლოდ ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კოორპორაციის ერთობლივი პროექტის Doing business-ის 2017 წლის რეიტინგში, კერძოდ გადასახადოს გადახდის კომპონენტში, საქართველოს, რეკორდული, 22-ე ადგილი უკავია. თუმცა, ხადურის განცხადებით, უწყება ამ შედეგით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მიზნად ისახავს საგადასახადო სისტემის კიდევ უფრო სრულყოფას.

საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. ქვეყანამ წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. გლობალური ფორუმის შეფასებით, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კუთხით, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი სამაგალითო და ლიდერი სახელმწიფოა.

3 დღიანი ფორუმის დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

ფორუმზე ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა OECD-ის წარმომადგენლების მხრიდან. საქმე ეხება, კონკრეტულად ოფშორულ ზონებს და იმ ფულად სახსრებს, რომლებიც დახურულ ანგარიშებზე ტრიალებს.

"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" მთავარი ამოცანა მათი მაქსიმალურად გამჭვირვალობაა, მეტიც, მიზანი, რომლისკენაც "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია" მიილტვის, მათი გადასახადებით დატვირთვაა.

OECD-ის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორმა, პასკალ სენტამანმა, ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ქართული მხარის ჩართულობა და შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობა, ამავდროულად ვრცლად ისაუბრა ოფშორულ ზონებზე.

"საქართველო მთლიანად ჩართულია ამ ფორუმის მუშაობაში, რაც საგადასახადო სისტემის განახლებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ქვეყანა, ასევე ჩართულია გლობალურ საზოგადოებაში, რომლის წარმომადგენლებიც 9 ქვეყნიდან ამ შეხვედრას ესწრებიან. გამოწვევების წინააღმდეგ საჭიროა, იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქვეყანამ ერთად იმუშაოს საბანკო საიდუმლოების დასამთავრებლად და გადასახადების გადამხდელები მთელ მსოფლიოში დაეთანხმოს ამ ახალ გამჭვირვალე გარემოს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ დგას ოფშორული კომპანიების მიღმა, ხელისუფლებებმა უნდა იცოდნენ, რა რაოდენობის ფული ტრიალებს ოფშორებში, რათა ყველამ გადაიხადოს გადასახადები და არა რამდენიმემ ყველას ნაცვლად", - განაცხადა პასკალ სენტ-ამანმა.

აღნიშნულ საკითხზე, ფორუმის შემაჯამებელ ერთობლივ კონფერენციაზე, ყურადღება გაამახვილა OECD-ის თავმჯდომარემ, კოსი ლოუმ.

"გლობალური ფორუმის მთავარ მიზანს, სწორედ, საგადასახადო სისტემის გამჭვირვალეობა წარმოადგენს. ჩვენი პოლიტიკის ამოცანაა მსოფლიო ყველა იურისდიქციისთვის გახდეს თანაბარი შესაძლებლობებისა და თვალდებულებების მქონე ადგილი. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღონ კანონიერი გადასახადების სწორედ ის რაოდენობა, რასაც იმსახურებს.

მსოფლიოში უნდა შევქმნათ არაკომფორტული გარემო იმათთვის, ვისი მიზანი და სურვილი გადასახადებისგან თავის არიდება ან სხვადასხვა აქტივების გაუმჭვირვალე ანგარიშებზე გადამალვაა", - განაცხადა კოსი ლოუმ.

"ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა თუ რამდენად რეალურია მსგავსი გადაწყვეტილების რეალობაში მოყვანა და რა პერსპექტივა ელოდება ოფშორულ ზონებს. ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ახლო მომავალში მისი განხორციელება შეუძლებლად, მეტიც გლობალური ეკონომიკისთვის არამომგებიანად მიაჩნია.

"პირველ რიგში, იმას ვიტყვი რომ მსგავსი ხასიათის მატარებელ შეხვედრებზე, ბოლო 3-4 წელი მწვავედ დგას ეს საკითხი. დიდი ხანია მიმდინარეობს პროცესი, თუმცა მხოლოდ სურვილის დონეზეა, რომ ოფშორულ ანგარიშებზე არსებული თანხა, რომელიც 3.5 ტრილიონ დოლარს უტოლდება, ამოიღონ. მნიშვნელოვანია არა სურვილი ან განცხადებები, რომლებიც პერმანენტულად კეთდება, არამედ შედეგი, რომელიც არ ჩანს. ოფშორული ზონების გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე იმდენად დიდია, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა თავიანთი ოფშორებიც კი შექმნეს. აქედან გამომდინარე, ეს გავლენა ძლიერდებოდა და კვლავ განაგრძობს ზრდას. თუმცა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის პროცესიც გაგრძელდება შესამჩნევად ნელი ტემპით. მაგალითად, ბანკებს, თუნდაც შვეიცარიაში, ავალდებულებენ გარკვეული ოფშორული აქტივების გამოჩენას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ უნდა ველოდოთ უახლოესი 10 წლის განმავლობაშიც კი. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ბიზნესი ზედმეტად დამოკიდებულია ოფშორულ აქტივებზე. ტრანსნაციონალურ კომპანიებს არ ექნებათ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელება, რომლებსაც აქამდე ახორციელებდნენ", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

ოფშორული სისტემის მოსალოდნელ ცვლილებებს ბუნდოვნად უყურებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია  - აფბას" პრეზიდენტი შოთა გულბანი.

"თავისთავად ეს ფორუმი, რომელშიც 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250 დელეგატი მონაწილეობდა, მეტყველებს იმაზე, რომ ამ კუთხით მსოფლიოს ლიდერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, გეგმავენ სერიოზულ ცვლილებებს, რაც ოფშორულ ზონებთან დაკავშირებით მათი პოლიტიკის ცვლილებას გულისხმობს. ძნელია წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ახალი გამჭვირვალე გარემო, ვინაიდან ოფშორები სწორედ იმიტომ არის მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანი ბიზნესმენისთვის მიმზიდველი, რომ ასეთ ადგილებში მათი კაპიტალი დაცულია კონფიდენციალობის უმაღლესი გარანტიით, რასაც იმ ქვეყნის ეკონომიკისთვის მოაქვს ბენეფიტები, ანუ სრული იდილია იქმნება, ქვეყნის მთავრობასა და უცხოელ ბიზნესმენებს შორის. თუ ეს პრინციპი დაირღვა გარკვეულ ცნობად ოფშორულ ზონებში, მაშინ მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს სხვა წერტილებში გაჩნდება სხვა საგადასახადო ოაზისები, სადაც ეს უზარმაზარი კაპიტალი გადაინაცვლებს, რადგან მე მეეჭვება, რომ ყველა ქვეყანა მიაღწევს კონსენსუსს ოფშორებში დამალული კაპიტალის დაბეგვრასთან დაკაშვირებით, პლუს ამ კაპიტალის მფლობელების ვინაობის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, რაზეც ფორუმზე ღიად გაკეთდა განცხადებები.

იდეა მიზნად ისახავს დასაბეგრი ბაზის გაფართოვებას და შედეგად სახელმწიფოების ბიუჯეტების ზრდას, თუმცა რეალიზება საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ყოველთვის მსხვილი ბიზნესი არის ლობი და მთავარი დამფინანსებელი მთავრობების, შესაბამისად მათი გავლენა ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივების დროს არის დიდი, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებშიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ფორუმის იდეას და მიზანს, რაიმე რადიკალური ცვლილებებისა და გარდატეხის შეტანა არ შეეძლება ოფშორულ სამყაროში", - განაცხადა შოთა გულბანმა.

გიორგი კაპანაძე

გაზეთ "ბანკები და ფინანსები"