პოლ კრუგმანი - გლობალური რეცესიის მომსწრენი გავხდებით

ცნობილი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ კრუგმანის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ფინანსური ბაზრები შესაძლოა, ვეღარასოდეს გაუმჯობესდეს.

„ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას კრუგმანმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სათავეში ტრამპის მოსვლა „ძალიან ცუდი ამბავია“.

„განსაკუთრებით ცუდია ის, რომ მსოფლიოს ფინანსური კრიზისიდან რვა წლის შემდეგ, ქვეყანა ჯერ ისევ მყიფეა ეკონომიკის თვალსაზრისით “, - განაცხადა პოლ კრუგმანმა.

მისივე თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ გლობალური რეცესიის მომსწრენი გავხდებით.

„შესაძლოა, რაღაცებში კიდევ გაგვიმართლოს. თუმცა, ეკონომიკაში, ისევე როგორც სხვა ყველაფერში, საშინელი რამ მოხდა“, - აღნიშნა პოლ კრუგმანმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა.

ბოლო მონაცემებით, ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა, რამაც, ფაქტობრივად, არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო.

გამოცემა Los Angeles Times-ის მონაცემებით, დონალდ ტრამს ამჟამად ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.

დასავლური მედია უკვე წერს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.