ტრამპის სავაჭრო მრჩეველი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას პირველ რიგში დიდ ბრიტანეთთან გავაფორმებთ

ბრიტანეთი ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ადრე მიიღებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთავაზებას, არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ.

ამის შესახებ დონალდ ტრამპის სავაჭრო მრჩეველმა დენ დიმიჩიომ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთი იყო ამერიკის ”მეგობარი” და ევროკავშირი სწორი მიზეზებით დატოვა.

”ყველაფერი იმდენად ცუდად აეწყო, რომ ჩვენ დავტოვებთ NAFTA-ს ( ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას თუ სამართლიანი გარიგება არ შედგება”, - ამბობს დიმაჩიო.

ჟურნალისტთა კითხვაზე, ამერიკა გააფორმებდა თუ არა შეთანხმებას ბრიტანეთთან ევროკავშირამდე, დიმაჩიომ განაცხადა, რომ აუცილებლად გააკეთებდნენ ამას. ”პირველ რიგში ისინი ჩვენი მეგობრები არიან, ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ და ერთად ვმუშაობდით. მათ დაკარგეს კონტროლი საკუთარ ეკონომიკაზე, სამსახურების შექმნაზე, ამიტომ, რატომ არ უნდა ვიმუშაოთ მათთან, ვისთანაც მსგავსი შეხედულებები გვაქვს იმაზე ადრე, ვიდრე სხვა დანარჩენებთან“, - აღნიშნა დენ დიმაჩიომ.

აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა.

ბოლო მონაცემებით, ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა, რამაც, ფაქტობრივად, არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო.

Los Angeles Times-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამჟამად ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.

დასავლური მედია უკვე წერს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.