შიდა ვალის მოცულობამ 2016 წელს კანონით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა

საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, მთავრობა ხშირ შემთხვევაში ვალის აღებით მის მიერვე დადგენილ ლიმიტებს არღვევს.

2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას შიდა ვალის სახით 200 მილიონი ლარი უნდა აეღო, მაგრამ 4 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობა უკვე 335 მილიონ ლარს აღწევს. აუდიტის სამსახურის უფროსი მთავრობას მოუწოდებს, ვალის მოცულობის ზრდისას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გაითვალისწინოს. შეგახსენებთ: 2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 10.7 მლრდ საგარეო ვალია, ხოლო 3.1 მლრდ - საშინაო.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამ თემაზე სასაუბროდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ანალიტიკოსს ვანო შავდათუაშვილს დაუკავშირდა. ბატონი ვანოს შეფასებით, მთავრობამ ლიმიტს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გადააჭარბა.

„გენერალური აუდიტორი საუბრობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის (საქართველო - 2020) დოკუმენტით დადგენილ ლიმიტზე, რომლის მიხედვით სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან საშუალოვადიან პერიოდში კერძოდ, 2014-2020 წლებში, 40%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2016 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან 40.2%-ია, რაც აღემატება ზემოაღნიშნულ ლიმიტს. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით წარმოდგენილ მონაცემებს, აღნიშნული ინდიკატორი 2017 წლისთვისაც გადააჭარბებს 40%-იან ნიშნულს და 42.1%-ს გაუტოლდება. ეს საკითხი ასევე გაანალიზებულია წინა წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით მომზადებულ მოხსენებებსა თუ დასკვნებში. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის მიხედვით, წლიური ბიუჯეტი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს წლის ბოლოს. ეს ლიმიტები საშინაო და საგარეო ვალისთვის ცალ-ცალკე დგინდება. ოქტომბრის თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებშია. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის კომპონენტებს, საგარეო ვალი ასევე ლიმიტის ფარგლებშია, ხოლო საშინაო ვალის მოცულობა, მოცემული მომენტისათვის, აჭარბებს კანონით დადგენილ წლიურ ლიმიტს. თუმცა, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე შეფასებების გაკეთება მაინც ნაადრევია“, - აღნიშნავს ვანო შავდათუაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, მოცემული მომენტისთვის, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის გასტუმრების მხრივ მთავრობას ვადაგადაცილებული დავალიანება არა აქვს.

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია ლიმიტი - სახელმწიფო ვალის მშპ-თან შეფარდება 60 პროცენტის ოდენობით. ამჟამად კი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40.2 პროცენტია“, - აღნიშნავს აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსი.

საკითხის შეფასება ეკონომიკური პოლიტიკის ექპერტთა ცენტრის ხელმძღვანელ ირაკლი მაკალათიასაც ვთხოვეთ.

„საქართველოში მართლაც არსებობს რეგულაცია, რომ ვალის ოდენობამ გარკვეულ ლიმიტს არ უნდა გადააჭარბოს. 2016 წელს საშინაო ვალის შემთხვევაში ეს ლიმიტი 200 მილიონი იყო, მაგრამ ვალის მოცულობა ამ ზღვარს გადასცდა. ბიუჯეტში კი იყო ჩადებული, რომ შიდა ვალი ამ ზღვარს არ გადასცდებოდა, მაგრამ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა ყოველთვის შეიძლება. თუ მთავრობა ბიუჯეტის პროექტში შესაბამის ცვლილებას შეიტანს, ამით კანონი არ დაირღვევა. მე პირადად მიმაჩნია, რომ საშინაო ვალის აღება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა გამოსავალი არც საგარეო ვალის ზრდაა. საშინაო ვალის აღების შემთხვევაში ჩვენ იმ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, რომელსაც მთავრობა უშვებს, მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი კომერციული ბანკები ყიდულობენ და მოგებას ძირითადად ისინი ნახულობენ. მეორე მხრივ, თუ მთავრობის მიერ აღებული ვალი გრძელვადიან განვითარებას მოხმარდება, ეს პრობლემა არ არის, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფასიან ქაღალდებთან წვდომა მხოლოდ ბანკებს აქვთ. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მისი გასტუმრების მხრივ ჩვენ პრობლემა არა გვაქვს. არც საშინაო ვალია პრობლემა, მაგრამ ის გრძელვადიან განვითარებას უნდა მოხმარდეს. არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი უსიამოვნო ფაქტი: ვიცით, რომ საქართველოს გამოშვებული აქვს 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, მაგრამ ეს თანხა სად წავიდა, არავინ იცის. თავდაპირველად ითქვა, რომ 2008 წლის ომის შედეგების აღმოფხვრას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ სად წავიდა ეს 500 მილიონი, ჩვენთვის დღემდე უცნობია“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, საქართველოს ვალის გადახდის პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ვალის აღებისას ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რამდენად წაადგება ეს საქართველოს ინტერესებს.

„არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის ვალის შეფარდება მშპ-თან ჩვენსავით 40-45 პროცენტი კი არა, 100-150 პროცენტია, თუმცა ამ ქვეყნების ეკონომიკა სულ სხვა სიძლიერისაა, მაგალითად: იაპონიის საგარეო ვალის შეფარდება მშპ-თან 150 პროცენტია, მაგრამ ეს ამ სახელმწიფოსთვის პრობლემა არ არის, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის კი ვალის ზედა ზღვარი 60 პროცენტია - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, რადგან ჩვენი ვალი ასეთ საგანგაშო ზღვრამდე არ მისულა, თუმცა რაც უფრო გონივრულად გამოვიყენებთ აღებულ ვალებს, მით უფრო ნაკლები პრობლემა გვექნება მომავალში“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

ხათუნა ჩიგოგიძე