ნოდარ ხადური -  ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.